შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კანონპროექტები შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, მძღოლებისთვის გზაზე მოძრაობის წესები მკაცრდება.
შსს - ს თანახმად, მძღოლი შესაძლოა, ე.წ. დრიფტისთვის დაჯარიმდეს, რისთვისაც კანონმდებლობაში ცალკე პუნქტები გამიყოფა:
ე.წ. დრიფტისთვის ანუ მანქანის განზრახ მოცურება/მოსრიალებისთვის ანდა მოცურებით წრიული ბრუნვისთვის მძღოლი დაჯარიმდება 300 ლარით და ჩამოაკლდება მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულებიდან 30 ქულა;
500-ლარიანი ჯარიმა და 35 ქულა ჩამოაკლდება იმ მძღოლებს, ვინც ე.წ. დრიფტის დროს რაიმეს დააზიანებს;
დაჯარიმდება ისეთი მანქანის მძღოლი, რომლის ავტომანქანაც მართვით გამოიწვევს დაშვებულ ნორმებზე მაღალ ხმას. ჯარიმა 100 ლარი იქნება და მძღოლს ჩამოაკლდება 10 ქულა.
გარდა ამისა, იზრდება ჯარიმები სხვა დარღვევებისთვის:
არაგაბარიტული ტვირთის შეუთანხმებლად გადატანისთვის მძღოლი 100 ლარის ნაცვლად 10-ჯერ მეტი თანხით, 1000 ლარით დაჯარიმდება. იმ შემთხვევაში, თუ ამ გადადგილებას ზიანი მოჰყვა ჯარიმა 250 ლარის ნაცვლად 2000 ლარი გახდება;
თუ მძღოლი გზაზე დადგენილ მოძრაობის სიჩქარეს 40 კმ/სთ-ით გადააჭარბებს, ჯარიმა 150 ლარის ნაცვლად, 2-ჯერ მეტი, 300 ლარი იქნება;
კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინებიანი მანქანით გადაადგილებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან 10-ჯერ, 500 ლარამდე იზრდება.
შსს-ს მიერ მომზადებული კანონპოექტები "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ" და "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა. საკანონმდებლო ორგანომ უნდა გადაწყვიტოს, თუ როდიდან მიიღებს და აამოქმედებს ახალ საკანონმდებლო რეგულაციებს.
მასალის გამოყენების პირობები