ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 72-ე სესიაზე,
საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და
ცხინვალის
რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა
და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" კიდევ ერთხელ მიიღო. საგარეო საქმეთა
სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუციის მხარდამჭერთა ზრდის ტენდენცია
შენარჩუნებულია.
ამავე ცნობით, რეზოლუცია წმინდა ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და
იძულებით გადაადგილების შესახებ გაერო-ს სახელმძღვანელო პრინციპებს
ეფუძნება. ის გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი
გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა
უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ ეთნიკური
კუთვნილების მიუხედავად და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების
პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. რეზოლუცია აღნიშნავს აფხაზეთის
და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად
განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას.
ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული
დატვირთვა. ის მოუწოდებს გაერო-ს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად
მოამზადოს ანგარიში საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის
მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე.
გარდა ამისა, რეზოლუცია ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს
მოუწოდებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში
უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის
გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით
გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.
გაერო-ს გენერალური ასამბლეა რეზოლუციას, რითიც დევნილთა ფუნდამენტურ
უფლებებს, უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი,
უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას განამტკიცებს, 2008 წლიდან
იღებს.
მასალის გამოყენების პირობები