ზუგდიდში მოქმედი პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს ზუგდიდის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან
დაკავშირებით, რომელიც ახალ სოციალურ პროგრამას ეხება, კითხვები აქვს. საუბარია, დაახლოებით, 40 000 ლარის ღირებულების შესყიდვებზე, რომელიც სოფლებში სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის საკვები პროდუქტების შეძენას გულისხმობს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკადუა ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსის დარღვევა არ იკვეთება, წინასაარჩევნოდ მსგავსი პროგრამების განცხორიცელება ამომრჩევლის განწყობაზე მოქმედებს.
„როგორც გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, აღნიშნული სოციალური დახმარების გაწევისთვის სოციალურ მუხლს საპილოტე პროგრამის სახით დაემატა გაზაფხულზე. მიუხედავად იმისა, ადგილი არა აქვს საარჩევნო კოდექსის დარღვევას, წინასაარჩევნოდ მსგავსი სახის სოციალური პროგრამების განხორციელება, რა თქმა უნდა, იწვევს ამომრჩეველთა კმაყოფილების დონის ამაღლებას და ჩნდება ლეგიტიმური კითხვები, თუ რატომ ხორციელდება მსგავსი სახის სოციალური პროექტი წინასაარჩევნოდ. ჩვენ მიერ მოხდება აღნიშნული საკითხის შესწავლა და ინფორმაციის გამოთხოვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან“, - უთხრა რადიო „
ათინათს“ ჭკადუამ.
ამავე თემაზე არასამთავრობოებისთვის და უწყებათშორისი კომისიისთვის მიმართვას გეგმავს „შენების მოძრაობის“ წევრი მაია ღურწკაია. მისი შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში, მიუხედავად იმისა, როდის ინიცირდა პროგრამა, მსგავსი ტედნერის გამოცხადება ამომრჩევლის მოსყიდვაა.
„2018 წლის ბიუჯეტს რომ ადგენდნენ, მაშინ ჩამოაჭრეს თანხები და ეს ადამიანები, ვისაც ახლა აძლევენ ამ პროდუქტებს, მაშინაც ასე გაჭირვებულები იყვნენ. ზუგდიდის მერია პირდაპირ არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში და როგორც კი მივიღებ დოკუმენტაციას, აცულებლად მივმართავ შესაბამის სადამკვირბელო ორგანიზაცეიბს“, - გვითხრა ღურწკაიამ.
თავის მხრივ, ზუგდიდის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი ნინო სხულუხია კატეგორიულად უარყოფს, რომ საკვები პროდუქტების დარიგება საარჩევნო პროცესებს უკავშირდება. სხულუხიამ გვითხრა, რომ მსგავსი დამოკიდებულება გულდასაწყვეტია.
„არანაირი კავშირი არ აქვს ამ პროგრამას არჩევნებთან. სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ყოველთვის შორს იყო პოლიტიკისგან. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორც ვარჩევდით ამ ადამიანებს და პროდუქტებს, რომელიც ასე სჭირდებოდათ... უკვე მეექვსე ჟურნალისტი ხართ, ვინც ამაზე მირეკავს, რამდენი შეიძლება ერთი და იგივე....“, - უთხრა რადიო
„ათინათს“ სხულუხიამ.
მისივე ინფორმაციით, უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთვის გამოცხადებული ტენდერიდან მორჩენილი 22 000 ლარს 20 000 ლარი დაემატა, რითაც შესაძლებელი გახდა, რომ აღნიშნული საპილოტე ქვეპროგრამა, რომლებით ზამთრის პროდუქტებით უზრუნველყოფას გულისხმობს, განხორციელებულიყო. მისივე თქმით, აღნიშნული ქვეპროგრამა სოციალურ მუხლს საპილოტე პროგრამის სახით დაემატა და ის გაზაფხულზე ინიცირდა.
ზუგდიდის მერია სოფლებში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს 40 000 ლარამდე ღირებულების საკვებ პროდუქტს დაურიგებს. შესაბამისი ტენდერები მუნიციპალიტეტის მერიამ გასულ კვირაში გამოაცხადა. 413 ოჯახს ზამთრისთვის 10 კგ. შაქარს, 5 კგ. მაკარონს, 25 კგ. ფქვილს, თითო 5 ლ ზეთს, 10-10 კგ კარტოფილსა და ამავე რაოდენობით ხახვს დაურიგებენ.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის სოფლებში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს პროდუქტებს დაურიგებენ
მასალის გამოყენების პირობები