დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ შემუშავებულ რეზოლუციის პროექტს, რომელშიც საქართველოს მოუწოდებს
სოხუმსა და ცხინვალში ევროკავშირთან ასოცირების უპირატესობების “გავრცელებისკენ”.
„აფხაზეთის რესპუბლიკა არ არის შეთანხმების თანამონაწილე ევროკავშირთან და არც სურს მისი დადება. შესაბამისად აფხაზეთის რესპუბლიკა ვერ დაექვემდებარება აღნიშნულ შეთანხმებას, რომელსაც მის ტერიტორიაზე არ აქვს იურიდიული ძალა. ზემოხსენებულის თანახმად, ევროპარლამენტარების მოწოდება საქართველოს მთავრობის მიმართ შეშფოთებას იწვევს. ამასთან ერთად, მსგავსი მოწოდების მოტივებიც ცხადი ხდება, თუკი მას მორიგი ” მშვიდობიანი ინიციატივის” კონტექსტში განვიხილავთ თბილისისა და მისი ევროპელი მეგობრების მხრიდან”, – აცხადებენ სოხუმში.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ უშინაარსო რეზოლუციების მიღების სანაცვლოდ, ევროპარლამენტმა უნდა მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას შეეგუოს ამიერკავკასიაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას.
ევროპარლამენტმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს მცდელობები არსებული დაბრკოლებების დასაძლევად და შეეცადოს გაავრცელოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის სარგებლობის შესაძლებლობა დე ფაქტო აფხაზეთისა და ცხინვალის / სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის, ახალი შესაძლებლობების შესახებ კომუნიკაციების გაუმჯობესების გზით, რომელიც გამომდინარეობს ადგილობრივ დონეზე, სოციალური პროექტების სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებიდან. შესაბამისი დოკუმენტის პროექტს, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მიმდინარეობას შეეხება, ამ კვირაში სტრასბურგში დაგეგმილ პლენარულ სესიაზე განიხილავენ.
მასალის გამოყენების პირობები