სოციალურ ქსელში ოტობაია-ორსანტიას ხიდთან შემდგარი სამგლოვიარო პროცესიის ახალი ფოტოები ვრცელდება. ფოტოები ოკუპირებული აფხაზეთის მხარესაა გადაღებული. ფეისბუქ ჯგუფში
„დევნილები დევნილებისთვის“ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ მოასვენა ოჯახმა ხიდთან მიცვალებული, რათა ენგურს გამოღმა, ხიდის მეორე მხარეს შეკრებილ ნათესავებს მისი დატირება შორიდან მაინც შესძლებოდათ.
სამგლოვიარო პროცესიის შესახებ
რეპორტაჟი და ვიდეო მასალა რადიო „ათინათმა“ გუშინ გამოაქვეყნა. ჩვენი ფოტო და ვიდეო კადრები ხიდის ერთი ბოლოდან, ორსანტიაში იყო გადაღებული. აქ გალში გარდაცვლილი გოჩა ტუფურიას 50-მდე ნათესავი და ახლობელი იყო შეკრებილი, ისინი, ვინც დაკრძალვაზე აფხაზეთში გადასვლა ვერ მოახერხა.
ხიდთან შეკრებილებმა ოჯახს სამძიმარი შორიდან გამოუცხადეს. ენგურის გაღმა და გამოღმა ნაპირზე მყოფმა ახლობლებმა ერთმანეთს მწუხარება გაუზიარეს და ამ სიტყვებით გაამხნევეს:
ორსანტია: აქ მარტო ორსანტია არ არის, ყველა რაიონიდან ვართ. გული გაიმაგრეთ
ოტობაია: გაიხარეთ, გაიხარეთ, ისე ყოფილიყოს, რომ მიმოსვლა შეგვეძლოს
ორსანტია: იქნება, ამას არ უნდა ბევრი ხანი
ოტობაია: ღმერთმა ქნას, რომ ასე არ ყოფილიყოს
ორსანტია: არცერთ ქვეყანაში არ არ არის ასე, ამას ხომ უნდა ნერვები. რამხელა დამცირებაა, საქართველოსთვისაა ეს ყველზე ცუდი
აფხაზეთის დე - ფაქტო ხელისუფლებამ ხურჩა-ნაბაკევისა და ოტობაია–ორსანტიას გამშვები პუნქტები 2017 წლის 5 მარტს დახურა. ეს გადაწყვეტილება სოხუმში 2016 წლის 28 დეკემბერს მიიღეს. მას შემდეგ აფხაზეთში მიმოსვლა მხოლოდ ენგურზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტითაა შესაძლებელი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა მოქალაქეებს დროებითი ბინადრობის მოწმობით ან გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ შეუძლიათ.
ფოტოები გაღმა ნაპირიდან: ფეისბუქ ჯგუფი „დევნილები დევნილებისთვის“
ამავე თემაზე:
მავთულხლართით გაყოფილი სამგლოვიარო პროცესია - მიცვალებული აფხაზეთში სამეგრელოდან დაიტირეს (ფოტო-ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები