გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 497 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 149 ახალი შემთხვევა.
ინფორმაციას დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა. ისინი რუსულ საველე ჰოსპიტალში მკურნალობდენ. ორივე გარდაცვლილი ქალია და მათი ასაკი 83-დან 90 წლამდე მერყეობს.
ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 79 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 36-ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 41 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 12, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 22, გაგრის კლინიკაში – 32, მათგან 6 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 10 პაციენტი მკურნალობს. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში 100 პირი იმყოფება, მათგან 12 მძიმე პაციენტი ჰყავთ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 31 194 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 450, გამოჯანმრთელდა 26 512 მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები