29 წლის ილონა შონია წარმოშობით აფხაზეთიდანაა. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს მისი ოჯახი საცხოვრებლად ზუგდიდში გადმოვიდა, სადაც ილონამ ბავშვობა
და სკოლის ძირითადი პერიოდი გაატარა.
დღეს ილონა გერმანიაში ცხოვრობს. ის კიოლნის უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია. პარალელურად ამავე სასწავლებლის ქართველ სტუდენტთა გაერთიანებას ხელმძღვანელობს. რა გზა გაიარა წარმატების მისაღწევად, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს და რას გეგმავს სამომავლოდ, რას ურჩევს ახალგაზრდებს, რომლებიც სპეციალობად საბუნებისმეტყველო მიმართულებების არჩევას გეგმავენ, ამ თემებზე გერმანიის აერონავტიკის და კოსმონავტიკის ცენტრის თანამშრომელმა რადიო
"ათინათთან" ისაუბრა.
რადიო "ათინათი": რა საქმიანობას ეწევა ცენტრი, რომელშიც ახლა მუშაობ?
ილონა შონია: გერმანიის აერონავტიკის და კოსმონავტიკის ცენტრი არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კვლევითი დაწესებულება გამოყენებით და ძირითად კვლევებში. აერონავტიკისა და კოსმონავტიკის გარდა ცენტრი აწარმოებს კვლევებს ენერგოტექნიკის, სატრანსპორტო მოძრაობის და უსაფრთხოების განხრით. მის რიგებშია 20 ცენტრი გერმანიის მასშტაბით და დამატებით 4 ცენტრი საერთაშორისო მასშტაბით, ჯამში დაახლოებით 8 ათასი თანამშრომელი.
რადიო "ათინათი": როდის დაიწყე ცენტრში მუშაობა და რა ტიპის კვლევებში მონაწილეობ?
ილონა შონია: ნუმერული სიმულაციების და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტიტუტში, რომელიც კოსმონავტიკის მიმართულებას ეკუთვნის, 2017 წლის ნოემბერში დავიწყე სტუდენტ-თანამშრომელად მუშაობა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ინსტიტუტი ამუშავებს ინფორმაციას კოსმოსიდან, რაც ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ძალიან მაღალი განზომილების მქონე მონაცემებთან, მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა ალგორითმების შექმნაზე, რომელთაც შეუძლიათ დიდი რაოდენობით მონაცემების ეფექტური დამუშავება. ჩემს ფოკუსში მოექცა ოპტიმირების ალგორითმები კვაზი-ნიუტონის კლასიდან და ვიკვლევ მათ გამოყენებადობას ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთ დარგში - მანქანურ სწავლებაში (Machine Learning).
რადიო "ათინათი": ქალისთვის საკმაოდ არატიპური სპეციალობა აირჩიე, რთული იყო ცენტრში მოხვედრა?
ილონა შონია: ქალების წილი დასაქმებულთა შორის დაახლოებით 30%-ია. იგივე შეიძლება ითქვას უნივერსიტეტში ჩემს ფაკულტეტზე გოგონების რაოდენობაზე, ანუ, ტექნიკურ მიმართულებებში მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც კი ჯერ კიდევ არის გენდერული დისბალანსი.
რაც შეეხება კითხვის ბოლო ნაწილს, თუ რამდენად რთულია იქ სამუშაოდ მოხვედრა: რა თქმა უნდა, არ არის ადვილი, მაგრამ არც შეუძლებელი. მთავარია კარგი აკადემიური მოსწრება და მაღალი მოტივაცია. ასევე ძალიან დიდი ყურადღება ექცევა კანდიდატის პიროვნულ მხარეს.
ზოგადად გერმანელი დამსაქმებელი ძალიან მეგობრულია სტუდენტებთან მიმართებაში და გვაძლევს ბევრ შანსს გამოვცადოთ ჩვენი თავი სხვადასხვა განხრით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ალბათ ყველა სფეროს არ ეხება და ასეთი არჩევანის თავისუფლება მარტო მოთხოვნად პროფესიებშია.
რადიო "ათინათი": რატომ გადაწყვიტე გერმანიაში წასვლა და რამდენად რთული გამოდგა ეს გზა?
ილონა შონია: გერმანიაში წასვლა თბილისში სწავლის პერიოდში, ბოლო კურსზე ყოფნის დროს გადავწყვიტე, როდესაც დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა იქნებნოდა ჩემს ცხოვრებაში და კარიერაში შემდეგი ეტაპი. მალევე მივხვდი, რომ ის ყველაფერი, რასაც მივაღწიე იმ მომენტისთვის (სწავლა 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით და სავარაუდო წითელი დიპლომი, რომელიც რამოდენიმე თვეში ავიღე კიდეც) არ იყო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი, ამიტომ ახალ გამოწვევებს დავუწყე ძიება. მალევე მიიპყრო ჩემი ყურადღება გერმანიამ - ქვეყანამ, რომელიც უზრუნველყოფდა უფასო უმაღლეს განათლებას სტუდენტებისთვის. ეს რკინის არგუმენტი აღმოჩნდა ჩემი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
რადიო "ათინათი": რა იყო შენთვის ყველაზე რთული სწავლის პროცესში?
ილონა შონია: კიოლნის უნივერსიტეტში ვსწავლობ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტზე გამოყენებითი მათემატიკის განხრით. აქვე დავამთავრე საბაკალავრო პროგრამა და ამჟამად ვაგრძელებ სწავლას მაგისტრის ხარისხის დასაუფლებლად. მათემატიკის კურსზე სწავლის პროცესი არის ძალიან ინტენსიური და სტრესული. გერმანიაში იგი ითვლება სასწავლო მიმართულებად, სადაც ყველაზე მაღალია გამოცდებზე ჩაჭრილი სტუდენტების რაოდენობა. პირველი 2 სემესტრის განმავლობაში კი სტუდენტების დაახლოებით 80% ან საერთოდ თავს ანებებს სწავლას ან იცვლის ფაკულტეტს.
რადიო "ათინათი": ვინ აფინანსებს შენს განათლებას გერმანიაში ამჟამად?
ილონა შონია: პირველივე სემესტრიდან ვმუშაობ სწავლის პარალელურად და მე თვითონ ვაფინანსებ ჩემს განათლებას. თუმცა იყო რამოდენიმე შემთხვევა როცა ინტენსიური საგამოცდო-მოსამზადებელი პერიოდის გამო დამჭირდა ოჯახის ფინანსური მხარდაჭერა. გასულ სემესტრში კი ავიღე კიოლნის უნივერსიტეტისა და გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის ერთობლივი 4 თვიანი სტიპენდია დამამთავრებელ კურსზე მყოფი მოტივირებული უცხოელი სტუდენტებისთვის. ეს იყო პატარა, მაგრამ ძალიან სასიამოვნო აღიარება და დიდი მოტივაცია ჩემთვის უფრო მეტის გასაკეთებლად.
რადიო "ათინათი": მოდი, ბავშვობას დავუბრუნდეთ. ზუსტი მეცნიერებები დღესდღეობით ნაკლები პოპულარობით სარგებლობს მოზარდებში, შენს შემთხვევაში როგორ იყო?
ილონა შონია: დიახ, ზუსტი მეცნიერებები არ სარგებლობს მოსწავლეებში დიდი პოპულარობით. ტექნიკური საგნები ძალიან შრომატევადია, ითხოვს მუდმივ და ინტენსიურ მეცადინეობას, რადგან ხშირად თემები ერთმანეთზეა აგებული და ყოველი შემდეგი თემა ეყრდნობა გარკვეულ ცოდნას განვლილი მასალიდან. ამას ემატება ხშირად ის ფაქტი, რომ სკოლებში ან საერთოდ არ არსებობს შესაბამისი ლაბორატორიები, ან არის ძალიან მწირი აღჭურვილობა. შესაბამისად ვერ ხერხდება მოსწავლეებში საგნისადმი ინტერესის გაღვიძება. ხოლო ისინი, ვინც ყველა სირთულის მიუხედავად, მაინც კარგად სწავლობენ ტექნიკურ საგნებს, საბოლოო ჯამში პროფესიად ხშირად ირჩევენ მაგალითად ეკონომიკურს, რადგან ჰგონიათ რომ ამ განხრით უფრო მარტივი იქნება სამსახურის მოძიება. ასე იყო თავდაპირველად ჩემს შემთხვევაშიც, როცა მეგონა, რომ თუ მათემატიკურზე ჩავაბარებდი აუცილებლად მასწავლებელი გამოვიდოდი და თუ ეს არ მსურდა, ძალიან გამიჭირდებოდა სხვა სამსახურის შოვნა. დღევანდელი გადმოსახედიდან კი მინდა ახალგაზრდებს, რომელთაც უყვართ და ეხერხებათ ტექნიკური საგნები, ვურჩიო რომ აუცილებლად გაყვნენ ამ მიმართულებებს, რადგან მოგვიანებით ძალიან მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი იქნებიან შრომით ბაზარზე.
რადიო "ათინათი": როდის დაიწყო შენი და რიცხვების "მეგობრობა" ?
ილონა შონია: ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარდა რიცხვები, ფორმულები, გეომეტრიული ფიგურები. ზუგდიდში სწავლის პერიოდში ძალიან მყარი საფუძველი ჩაუყარა ჩემს ცოდნას მათემატიკაში ბატონმა ანატოლ წყაროზიამ, რომელსაც ძალიან კარგი მეთოდი ქონდა მასალის ახსნის და საოცარი იუმორის გრძნობით გვიხალისებდა გაკვეთილებს. მე-8 კლასიდან თბილისში გადავედი და იქაც ძალიან გამიმართლა მათემატიკის მასწავლებელში. ძალიან კარგად ვსწავლობდი ასევე ქიმიას. ესეც ჩემი მასწავლებლის დამსახურება იყო, რომელმაც შეამჩნია, რომ საგანი მაინტერესებდა და თავისი ინიციატივით, გაკვეთილების შემდეგ დამატებით მტოვებდა სკოლაში და მამეცადინებდა. ჩემს საბოლოო გადაწყვეტილებაზე უდიდესი გავლენა იქონია აბიტურიენტობის დროს ჩემმა მათემატიკის რეპეტიტორმა, რომელმაც ჩემში საგანი ფილოსოფიის დონეზე აიყვანა და დამანახა განსხვავება ფიქრსა და აზროვნებას შორის.
რადიო "ათინათი": გვიამბე კიოლნის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა გაერთიანების შესახებ ?
ილონა შონია: ჩვენი გაერთიანების მიზანია ქართული ენის, კულტურის, ისტორიის, მეცნიერული მიღწევების გაცნობა გერმანელი და არამარტო გერმანელი საზოგადოებისთვის, საქართველოს ცნობადობის ამაღლება და მისი როგორც ტურისტული სამიზნის პოპულარიზაცია. ჩვენს რიგებში ირიცხებიან არაქართველი სტუდენტებიც, რომლებიც წარმატებულად იყინებენ შესაძლებლობას, მოგვმართავენ მაგალითად, სხვადასხვა ბიუროკრატიული კითხვების დროს და იზიარებენ ჩვენს გამოცდილებას. ასევე გვყავს უკვე რამოდენიმე სტიპენდიანტი, რომელმაც, მათ შორის ჩვენთან სოციალური ჩართულობისთვის, მოიპოვეს სტიპენდია. ქართველი სტუდენტები სამწუხაროდ ძალიან მწირედ იყენებენ ამ შანსს, ამიტომ სამომავლოდ გაერთიანების ერთ-ერთ მიზნად არის დასახული ქართველ სტუდენტებთან ინფორმაციული მუშაობა მოხალისეობრივი საქმიანობის მნიშვნელობაზე.
რადიო "ათინათი": რამდენად რთულია უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება და წარმატების მიღწევა?
ილონა შონია: ყოველთვის ვცდილობ დავისახო რეალური, ჩემი შესაძლებლობების შესაბამისი მიზნები. თავიდანვე ვიცოდი, რომ შორი გზის მოვლა მომიწევდა და რომ არ იქნებოდა ეს გზა უეკლო, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი წარმატება იმაზე იქნებოდა დამოკიდებული, თუ რამდენს ვიშრომებდი მე მის მისაღწევად. შრომა კი, მათ შორის ფიზიკურიც, არასდროს დამზარებია. წარმატების მოლოდინი რომ არ მქონოდა, ალბათ არც მოვინდომებდი სრულიად მარტო უცხო ქვეყანაში ჩამოსვლას.
რადიო "ათინათი": სამომავლო გეგმებს უკავშირებ საქართველოს?
ილონა შონია: მოკლევადიან პერსპექტივაში ჩემს სამომავლო გეგმებში შედის ჩემს სპეციალიზაციაში ცოდნის გაღრმავება და რამოდენიმე თვით რომელიმე ინგლისურენოვან ქვეყანაში გაცვლითი პროგრამით ან პრაქტიკით გამგზავრება. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ მიზნად ვისახავ რამოდენიმე წელიწადი სრულ განაკვეთზე მუშაობას და კიდევ უფრო მეტი სამუშაო გამოცდილების დაგროვებას. ამასობაში კი იმედი მაქვს შეიქმნება იმის ფუნდამენტი, რომ საქართველოშიც შევძლო ჩემი შესაძლებლობების რეალიზაცია.
მასალის გამოყენების პირობები