ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ტერორიზმში ბრალდებულ ბადრი ესებუას საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა და ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა გრძელდება. დღეს საგამოძიებო უწყების წარმადგენლები დაიკითხებიან.
იგეგმება ასევე ყოფილი მძევლის დავით ხვიბლიანის გამოკითხვა. ხვიბლიანი ერთ-ერთია იმ ოთხ მძევალს შორის, რომელიც თავდამსხმელმა კირცხის ტყეში ჩამოსვა. სწორედ ხვიბლიანი მართავდა მანქანას, რომლითაც საქართველოს ბანკიდან გამოსვლის შემდეგ თავდამსხმელი მძევლებთან ერთად სამეგრელოს სოფლებში გადაადგილდებოდა.
ბადრი ესებუა ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.
ესებუა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს აიყვანეს. ის დანაშაულს არ აღიარებს და საგამოძიებო უწყებას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.
2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
"გვითხრა, რომ თანხის ნაწილი დახარჯა, ნაწილი კი დაკარგა" - დეტექტივი ბადრი ესებუას შესახებ
ბადრი ესებუამ ადვოკატ კობაიძის მიერ მის დაცვაზე უარი თქვა
ბადრი ესებუას ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ
მასალის გამოყენების პირობები