განათლების მინისტრის განცხადებით, სამინისტრო მოსწავლეების უფასო კვების პროექტზე მუშაობს. მისი თქმით, სკოლების მშენებლობა - რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი პრიორიტეტული კომპონენტი სასადილოების მოწყობა იქნება.
გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პარალელურად იწყება მსჯელობა მოდელზე, თუ როგორ დაფაროს სამინისტრომ სკოლებში კვების ხარჯები.
"რა თქმა უნდა, გამოწვევები არის და მე და ჩვენ ამას არ გავურბივართ. მათ შორის, არის, რა თქმა უნდა, სასკოლო კვებასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც სამი ათწლეულია ჩვენს სისტემას მოსდევს. ის უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს და უკვე 400 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაპროექტებულია 2-3 წლის განმავლობაში, ამას კიდევ გადაბმულად მოსდევს 400 სკოლა, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი კომპონენტი არის სასადილო ინფრასტრუქტურა ანუ, სკოლებში იმ ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც შემდგომ აუცილებელია სერვისისთვის, რომ ჩვენი შვილები უზრუნველვყოთ ხარისხიანი, უსაფრთხო კვების მიწოდებით. პარალელურად, სამინისტრო მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილებაზე და კვლევაზე, იმ მიდგომებსა და მეთოდოლოგიაზე, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ სისტემურად მივუდგეთ ამ მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს," - განაცხადა მინისტრმა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა უფასო კვების პროგრამა ძალაში თებერვლიდან შევიდა. ყოველდღიური კვებითი უზრუნველყოფისთვის, თითო პირველკლასელისთვის, წალენჯიხის ბიუჯეტიდან 4 ლარი განისაზღვრა. სპეციალური ბარათების გამოყენება კი ნებისმიერ სასურსათო მაღაზიასა თუ კვების ობიექტშია შესაძლებელი.
ამავე თემაზე:
წალენჯიხაში პირველკლასელთა უფასო კვების პროგრამა ამოქმედდა
მასალის გამოყენების პირობები