მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დამაარსებელი ისტორიკოსი გივი ელიავა, საქართველოს სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის აკაკი ჭანტურიას პრემიით დაჯილდოვდა.
ჯილდო ისტორიკოსის შვილიშვილს გივი ელიავას გადაეცა. ინფორმაციას მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"17 მაისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დარბაზში გაიმართა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ქალბატონ თეა წულუკიანის შეხვედრა მუზეუმელებთან. სამუზეუმო პრემიებით დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი მუზეუმელები.
აკაკი ჭანტურიას სახელობის პრემიით დაჯილდოვდა მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დამაარსებელი, ისტორიკოსი გივი ელიავა, საქართველოს სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის", - ვკითხულობთ მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის განცხადებაში.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე, მუზეუმების დამსახურებული თანამშრომლები კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დააჯილდოვა.
მასალის გამოყენების პირობები