ენგურის ატრაქციას ახალი სივრცე შეემატა. დღეიდან ენგურჰესის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე კინოთეატრი გაიხსნა,
სადაც სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა ენგურჰესის ისტორიის და ფუნქციონირების შესახებ მომზადებული ფილმები ნახონ.
რადიო
"ათინათი" "ენგური ატრაქციის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ნიკოლოზ ანთიძეს ესაუბრა. მისი ინფორმაციით, ახალ სივრცეს რამდენიმე ფუნქცია ექნება, კინო ჩვენების გარდა, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ღონისძიების მოწყობაც. ანთიძის თქმით, ახალ ატრაქციაში სრულად არის შენარჩუნებული შენობის ინდუსტრიული მახასიათებლები.
"კინოთეატრში ვიზიტორებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ნახონ ისტორიული ფილმი ენგურჰესის შესახებ, თუ როგორ მუშაობს და რამხელა კომპლექსთან გაგვაქვს საქმე. დღეს უკვე ვიზიტორებმა ნახეს ანიმაციური ფილმიც. ეს იქნება საჯარო სივრცე, რომელიც გამოსადეგი იქნება საინტერესო ღონისძიებებისთვისაც. ჰესის ადმინისტრაციულ შენობაში ავიღეთ ერთი კონკრეტული ადგილი, სადაც ჩვენ თვითონვე მოვაწყეთ უსაფრთხო გარემო, ეს გაკეთდა მაქსიმალურად იმ ინდუსტრიული ღირებულებების შენარჩუნებით. იმედი მაქვს, სტუმრებს მოეწონებათ. ჩვენი სტატისტიკის მიხედვით, გასული 1 წლის განმავლობაში 41 000 ვიზიტორი გვყავდა. მიმდინარე წლის მაისში უკვე 4 000 ვიზიტორი გვყავდა", - უთხრა რადიო
"ათინათს" ანთიძემ.
კინოთეატრის ამოქმედების შემდეგ, "ენგურის ატრაქციაში" ვიზიტორებისთვის ფასები დაკორექტირდა. ატრაქციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საფეხმავლო ტურის ღირებულება 4 ლარი იქნება, მოკლე ტურის - 10, ხანგრძლივი - 30. სამივე პაკეტი კინო - თეატრში ვიზიტს ითვალისწინებს.
ენგურჰესზე უკვე მოეწყო რამდენიმე საგამოფენო სივრცე, შემუშავდა სპეციალური მარშრუტები.
ენგურჰესის ტურისტული ცენტრის დეტალური პროექტი ესტონურმა კომპანიამ "KOKO arhitektid OÜ"" მოამზადა. ის თაღოვანი კაშხლის მიმდებარედ აღმოჩენათა ცენტრის, გადასახედი მოედნების, 180 მეტრი სიმაღლის ლიფტის, სანაოსნო ინფრასტრუქტურისა და ექსტრემალური კომპონენტების შემცველი რამდენიმე
ატრაქციის ინფრასტრუქტურულ მოწყობას გულისხმობდა.
მასალის გამოყენების პირობები