მასწავლებლებისთვის სტატუსის ასამაღლებელ გამოცდაზე რეგისტრაციის თარიღი გადავადდა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელ უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია 2024 წლის დასაწყისამდე გადავადდა. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მასწავლებლების მოსაზრებების, სურვილებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო.
"ჩვენი მთავარი ამოცანა არის განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რაც, პირველ რიგში, მასწავლებლის პროფესიის აღიარებით, დაფასებით და მათთვის შესაბამისი სამუშაო გარემოსა და პირობების შექმნით უნდა დავიწყოთ. მიმდინარე ეტაპზე მასწავლებლები პორტფოლიოების შეფასების ეტაპს გადიან, რომელიც დამატებით მოგვცემს საშუალებას სწორად გავაანალიზოთ საჭიროებები", - განაცხადა ამილახვარმა.
მისივე თქმით, სამინისტროს სურს ეს პერიოდი პროცესზე დასაკვირვებლად გამოიყენოს, რომელიც პირველად მიმდინარეობს სისტემაში, რათა გადაწყვეტილებები იყოს ორიენტირებული არა მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი ამოცანების გადაჭრაზე.
მასალის გამოყენების პირობები