2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას გულისხმობს.
ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი ამილახვარის თქმით, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება.
მისივე თქმით, დეზინფორმაციულია კამპანია, რომ, თითქოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2024 წლის სექტემბრამდე არ გეგმავს მასწავლებლებისთვის ანაზღაურების ზრდას. რეალურად, მისივე განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა ახალი სახელფასო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, რომლის ფარგლებში, ბოლო წლების განმავლობაში, მასწავლებელთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდაა გათვალისწინებული.
"ახალი სახელფასო კონცეფცია მოიცავს პედაგოგებისთვის ხელფასის უპრეცედენტო ზრდას და სრული დატვირთვის პირობებში ამჟამინდელ არსებულ ხელფასებთან მიმართებაში, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა ბოლო წლების განმავლობაში იქნება უპრეცედენტო – სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის, დაახლოებით, 35%-იანი მატება, რაც მასწავლებელთა კორპუსში მრავალი წელია არ განხორციელებულა.
ასევე, სრული სიცრუეა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ხელფასების გაზრდას ვგეგმავთ 2024 წლის სექტემბრიდან. ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სტატუსის ამაღლების შემთხვევაში, მასწავლებელს ახალი სასწავლო წლიდან, ანუ 2024 წლის სექტემბრიდან გაეზრდებოდა ხელფასი, მაგრამ ჩვენ, არ ვაპირებთ, დაველოდოთ 2024 წლის სექტემბერს და მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებისთანავე ვგეგმავთ ახალი სახელფასო ფორმულის ამოქმედებას.
მნიშვნელოვანია, რომ სისტემამ მოახდინოს ახალ სახელფასო ფორმულაზე გადასვლა. სწორედ ამ მიზნით, არსებული ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, რომელიც სრულად იქნება მიმართული მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზე, 2024 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა – ეს 6 თვის პირობებშიც კი პედაგოგებისთვის იქნება 4-ჯერ მეტი გაზრდილი შემოსავალი, 2024 წლის წლიურ ჭრილში, ვიდრე იანვრიდან გაზრდილი 125-ლარიანი დანამატი.
გვსურს, მოვუწოდოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს - გავერთიანდეთ ამ უპრეცედენტო და ისტორიული სახელფასო მატების რეფორმის პროცესში, რომლის მსგავსი მასწავლებლებთან დაკავშირებით აქამდე არასდროს განხორციელებულა. ეს უზრუნველყოფს ყველა მასწავლებლისთვის, მიუხედავად მათი სტატუსებისა, გაზრდილ, ღირსეულ ანაზღაურებას და ჩვენი შვილებისთვის უკეთესი, ხარისხიანი განათლების შეთავაზების შესაძლებლობას მოგვცემს", - განაცხადა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები