რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა საქართველოს მოუწოდა აღიაროს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის „დამოუკიდებლობა“. ამის შესახებ, მან რუსული „კომსომოლსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ის გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივების შესახებ და აღნიშნა, რომ „სოხუმის და ცხინვალის რეაგირება ამ განცხადებებზე თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს“. გალუზინმა აღნიშნა, რომ „უპირველეს ყოვლისა, საუბარია ქართულ „რეინტეგრაციის“ პროგრამებსა და ინიციატივებზე, რომელთაგან მთავარია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. მისი თქმით, აფხაზებმა და ოსებმა არაერთხელ გამოხატეს უარყოფითი დამოკიდებულება მათი სუვერენული სტატუსის „შელახვის“ მცდელობების მიმართ, „აღნიშნავდნენ რა, რომ ერთადერთი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მათი დამოუკიდებლობის აღიარება იქნებოდა“.
მისი თქმით, მოსკოვში მიაჩნიათ, რომ სოხუმი-თბილისი-ცხინვალის „სამეულში“ ნორმალიზებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს “საქართველოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის „ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიებს“ და „საზღვრის დელიმიტაციის საკითხის გადაწყვეტას შემდგომ დემარკაციასთან ერთად“.
ინფორმაციისთვის, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას, პრემიერ - მინისტრმა განაცხადა: „ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“.
აღნიშნულ განცხადებას მაშინ
სოხუმშიც გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ „მხარეებს შორის ბევრი გადაუწყვეტელი პრობლემა არსებობს, თუმცა, ამ ეტაპზე, სოხუმი თბილისთან "კონფედერაციის ან რაიმე სხვა სახის ურთიერთობის განხილვას არ აპირებს".
საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.
მასალის გამოყენების პირობები