საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი გმობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნას.
მისი თქმით, ეს ქმედება არღვევს საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებებს.
"საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებების დარღვევა გრძელდება, მათ შორის, "ბორდერიზაციის" პოლიტიკის, გადაკვეთის პუნქტების დაკეტვისა და რუსეთის სამხედროებისა და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონო დაკავებების შედეგად. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები უნდა დასრულდეს, უნდა ჩატარდეს გამოძიებები ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით და სამართლიანობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა მსხვერპლისთვის", - ამბობს ბორელი.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ორგანიზაცია კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარების ერთგულია, მათ შორის ევროკავშირის ჩართულობით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში (GID) თანათავმჯდომარის რანგში, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის, ასევე, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ადგილზე უწყვეტად მუშაობის საშუალებით.
"მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს კონსტრუქციულად ჩაერთონ განხილვებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - განაცხადა მან.
დღეს, 7 აგვისტოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომიდან 16 წელი გავიდა. ამ დღეს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარულმა სამხედრო ძალებმა, რომლებსაც მშვიდობისმყოფელთა სტატუსი არ ჰქონდათ, საქართველოს ტერიტორიაზე წამოიწყეს სამხედრო აგრესია. ამას, 23:35 საათზე ქართული სამხედრო ძალების ცხინვალისკენ გადაადგილება და საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. 12 აგვისტოს კი დაიდო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის ომში თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათგან 1045 სამხედრო მოსამსახურეა.
ფოტო: ლევან გაბეჩავა
მასალის გამოყენების პირობები