სოხუმში ეხმაურებიან განცხადებას, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა და მომავალმა წევრმა ქვეყნებმა გააკეთეს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „საგარეო საქმეთა სამინისტროში“ აცხადებენ, რომ „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის“ შესახებ ფრაზები არის „შაბლონური“ და არ შეესაბამება ვითარების „ობიექტურ აღქმას“ .
ისინი მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, "მიიღოს არსებული პოლიტიკური რეალობა“, რომელიც განვითარდა ამიერკავკასიაში და „აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა“.
14 აგვისტოს გამართული დახურულ სხდომის შემდეგ, რომლეზეც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილებოდა, გაეროში მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, ფრანჩესკა გატიმ, მედიასთან
განცხადება გააკეთა საფრანგეთის, იაპონიის, სლოვენიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, მალტას, ასევე მომავალი წევრების - საბერძნეთისა და დანიის სახელით.
"მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან მისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები, ვიმეორებთ 16-წლიან მოწოდებას რუსეთის მიმართ - გააუქმოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება", - ნათქვამია განცხადებაში.
მასში ასევე საუბარია ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვაზე, ქართული კულტურული მემკვიდრეობის მიზანმიმართულ დაზიანებაზე, დაგმობილია საქართველოს მოქალაქეების, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურისა და ვიტალი კარბაიას მკვლელობა, ასევე ის, რომ დღემდე არავინ დასჯილა “აფხაზეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილის” საქმეზე.
ერთობლივ განცხადებაში რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთხელ მოუწოდეს შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
მასალის გამოყენების პირობები