სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ენგურის ხიდთან კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას ადამიანის უფლებების
მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
"31 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ მოქალაქეებს მოუწიათ იძულებით დაეტოვებინათ თავისი საცხოვრებელი სახლები და საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეულიყვნენ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ეს კონფლიქტი, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მშვიდობიანად მოგვარდეს და ადამიანების უფლებები ამ ხიდის ორივე მხარეს თანაბრად იყოს დაცული - სადაც არ არის მშვიდობა იქ არ არის დაცული ადამიანის უფლებები", - განაცხადა სახალხო დამცველმა.
იოსელიანის თქმით, მისი მთავარი სამშვიდობო გზავნილი აფხაზების მიმართ არის ის, რომ არსებული დაპირისპირება, აუცილებლად შერიგებით უნდა დასრულდეს და ადამიანების მდგომარეობა, მათი უფლებების დაცვისა და ცხოვრების ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს.
ინფორმაციისთვის, 1993 წლის 27 სექტემბერს რუსეთის სამხედრო შენაერთების, ჩრდილოეთ კავკასიის კონფედერატებისა და დაქირავებული "ბოევიკების" დახმარებით, აფხაზეთის სეპარატისტულმა ძალებმა აიღეს სოხუმი. რამდენიმე დღეში კი მათ აფხაზეთის თითქმის მთელი ტერიტორია დაიკავეს.
ომს 10 000-მდე ქართველის სიცოცხლე შეეწირა, 300 ათასამდე ადამიანი კი დევნილად იქცა.
ფოტო: საქართველოს სახალხო დამცველიამავე თემაზე:
სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
საქართველოში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
მასალის გამოყენების პირობები