დღეს, 28 ოქტომბერს, თბილისში მოქალაქეები საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს 19: 00 საათზე გააპროტესტებენ. ამის შესახებ განცხადება 27 ოქტომბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ
გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი სახელმწიფოში ერთადერთი დამოუკიდებელი აღმასრულებელი შტოა და ის არ აღიარებს არჩევნების შედეგებს.
"ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება, რადგან ეს არის რუსეთის აქ შემოსვლის აღიარება, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანაში. ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენ წინაპრებს. ამას ჩვენ არ შევეგუებით! არ შეიძლება ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ევროპული მომავალი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის შეფასებით, 26 ოქტომბერს ჩატარდა რუსული არჩევნები და ელექტრონული ტექნოლოგია გამოიყენეს იმისთვის, რომ გაეთეთრებინათ გაყალბება.
ცნობისთვის, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი უკვე დათვალა.
ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა :
"ქართული ოცნება" - 53,93% - 1 119 967 ხმა
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035% - 229 163 ხმა
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,161% - 211 130 ხმა
"ძლიერი საქართველო" - 8,814% - 182 955 ხმა
"გახარია საქართველოსთვის" - 7,76% - 161 327 ხმა
შეგახსენებთ, ცესკოს მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებზე 2 060 412 მოქალაქე გამოცხადდა. წელს არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდა.
ამავე თემაზე:
როგორ გადანაწილდა ხმები ზუგდიდში - ცესკოს წინასწარი მონაცემები
მასალის გამოყენების პირობები