ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
ისინი პერიოდულად ჩერდებოდნენ ზებრა გადასასვლელებთან და რამდენიმე წუთით კეტავდნენ მოძრაობას.
აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ასევე ბანერები წარწერით: "ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს", "არჩევნები გაყალბდა" და სხვ.
ასევე, მათ ეკეთათ სტიკერები, თეთრ ფონზე შავი ლაქით, რომელიც, მათი თქმით, არჩევნებზე ფარულობის დარღვევის სიმბოლოდ იქცა.
მსვლელობისას აქციის მონაწილეებს მოქალაქეების ნაწილი შეძახილებით ამხნევებდა. პროტესტანტებმა დროებით გაჩერებული მანქანების მძღოლებს სტიკერები გადასცეს და მოუწოდეს, შეერთებოდნენ მათ.
მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
"დღევანდელი აქცია არის მოსამზადებელი, იმისთვის რომ ხალხმა იცოდეს რომ არ დუმს ზუგდიდი, ვდგავართ, ვაპროტესტებთ, შესაბამისად, აქციებს ექნება პერმანენტული სახე", - განაცხადა, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, აქტივისტმა მარიამ სიჭინავამ.
პროტესტი მსვლელობით "ქართული ოცნების" ოფისთან გაგრძელდა, რომელიც აქციის ორგანიზატორების ცნობით, არჩევნების გაყალბების მთავარი დანიშნულების ადგილი იყო.
დღევანდელი აქცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან დასრულდა, სადაც მონაწილეებმა საპროტესტო სტიკერები გააკრეს და განაცხადეს, რომ აუცილებელია საჯარო მოხელეების პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლება.
მანამდე, აქცია, ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან
იმართებოდა. მისი მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ.
უფრო ადრე, აქცია, სახელწოდებით "დაიბრუნე ხმა" "სამოქალაქო სოლიდარობის ფონდმა"
დააანონსა. შეგახსენებთ, მოქალაქეების ნაწილი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც საპარლამენტო მანდატები მიიღეს, არჩევნების შედეგებს რამდენიმე კვირაა სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ. არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ქვეყნის მასშტაბით მოქმედი რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი. პროტესტს ზსსუ-ს სტუდენტებიც შეუერთდნენ. ისინი მე-4 დღეა უნივერსიტეტის ფოიეში ღამეს
ათევენ.ამავე თემაზე:
"სამშობლო არ იყიდება, ზუგდიდი ირჩევს ევროპას" - ქალაქში საპროტესტო წარწერები ისევ გამოჩნდა (ფოტო)
ზუგდიდის ქუჩებში საპროტესტო წარწერები გამოჩნდა (ფოტო)
"გაჟონილია" - სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ფასადზე ბანერი გადმოფინეს
ზუგდიდში ბიუსტებსა და ძეგლებს პროტესტის ნიშნად შავი ლაქა გააკრეს (ფოტო)
"გაჟონა მასწ" - ზუგდიდში საპროტესტო სტენსილი გამოჩნდა (ფოტო)
"არჩევნები გაყალბდა სახელოვნად" - ზუგდიდში აქცია-პერფორმანსი გაიმართა (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები