Telegram-მა ISIS-ს პროპაგანდის არხები დაუბლოკა
მესინჯერმა Telegram-მა, რომელიც სოციალური ქსელი ВКонтакте-ის დამფუძნებლის, პაველ დუროვის შექმნილია, განაცხადა, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული 78 არხი დაბლოკა.
„ჩვენ ავღელდით, როცა გავიგეთ, რომ ISIS-ი თავისი პროპაგანდის გასავრცელებლად Telegram-ის საჯარო არხებს იყენებს“, - ნათქვამია კომპანიის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.
წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ ISIS-ის „ოფიციალური არხის“ ხელმომწერების რიცხვი 5 დღეში გაორმაგდა და 9 ათასს მიაღწია. საერთო ჯამში 12 ენაზე მოქმედი არხი არსებობდა და ყველა მათგანი დაბლოკილია. გარდა ამისა, დაიხურა ISIS-ის მომხრეების პერსონალური ანგარიშებიც.
სოციალური ქსელები, ISIS-თვის ახალი მომხრეების შეძენის ძირითადი ინსტრუმენტია. დასაწყისში ბოევიკები Twitter-ით სარგებლობდნენ, თუმცა მალე იქ ანგარიშების დაბლოკვა დაიწყეს და ამიტომ ბოლო დროს ტერორისტები სულ უფრო ხშირად Telegram-ს იყენებდნენ, რომელიც საშუალებას იძლევა შეტყობინება შეუზღუდავი რაოდენობის ადამიანებს გაუგზავნო.
მასალის გამოყენების პირობები