სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები, ზუგდიდში, წერეთლის ქუჩაზე, სადაც კორონავირუსი გუშინ 4 პირს დაუდგინდა, მოსახლეობას თერმოსკრინიგნს უტარებენ. მათი ინფორმაციით,
ჯერჯერობით, ტემპერატურა არც ერთ ადგილობრივს არ დაუფიქსირდა. ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას გასვლისგან შეიკავონ თავი და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებას ან 112-ს მიმართონ.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ზუგდიდელი
მამაკაცის დედასა და ორ შვილს კორონავირუსი
დაუდგინდა, მისი კლასტერის 21 კონტაქტი კარანტინში
გადაიყვანეს, მათ შორის 15 არასრულწლოვანია.
ინფიცირებული პირი ორმხრივი პნევმონიით თბილისში გუშინ გადაიყვანეს. მისი ოჯახის სამი წევრი კი მკურნალობას რუხის კლინიკაში განაგრძობს. მედიკოსების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 42 წლის მამაკაცი, რომელსაც მაღალი სიცხე 9 მაისიდან აღენიშნებოდა, რუხის საავადმყოფოში 14 მაისს გადაიყვანეს. "პისიარ" კვლევის შედეგად მას კორონავირუსი დაუდგინდა. პაციენტი ტრაილერის მძღოლია, რომელიც სომხეთიდან 17 აპრილს დაბრუნდა. 2 კვირიანი თვითიზოლაციის შემდეგ მამაკაცი ქვეყანაში შიდა გადაზიდვებს ახორციელებდა. გუშინვე ინფიცირებულის დედასა და 2 არასრულწლოვან შვილს კოვიდ-19 დაუდასტურდა.
მასალის გამოყენების პირობები