კორონავირუსი: სოხუმში ცალკეული სკოლებისა და კლასების დახურვას არ გამორიცხავენ
სოხუმში აცხადებენ, რომ ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა, რის გამოც ცალკეული სკოლების, კლასების და ბაღების დროებით დახურვას არ გამორიცხავენ.
ამის შესახებ ქალაქის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ალა ბელიაევამ განუცხადა ადგილობრივ ტელევიზიას. თუმცა, აქვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე, სასწავლო პროცესის შეწყვეტა არ იგეგმება.
მისივე ინფორმაციით, ხშირ შემთხვევაში, დაავადება მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს და სექტემბრის დასაწყისიდან დღემდე, სულ რამდენიმე ბავშვი მოათავსეს სტაციონარში სამკურნალოდ. ეპიდემიოლოგის თქმით, "დელტა შტამის საინკუბაციო პერიოდი შემცირებასთან დაკავშირებით", შესაძლოა, კარანტინის ვადაც ერთ კვირამდე შემცირდეს.
გასული დღე - ღამის განმავლობაში სოხუმმა კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დაადასტურა. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რომელიც რუსულ საველე ჰოსპიტალში მკურნალობდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 27 775 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 417, გამოჯანმრთელდა 22 680 მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები