ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ზუგდიდში შუმანის დეკლარაციის 68-ე
წლისთავის აღნიშვნას სხვადასხვა ღონისძიებებით გეგმავს.
დღეს ქალაქის მთავარი ხეივნის გასწვრივ 12-დან 14 საათამდე მარათონი
გაიმართება, რის გამოც, უსაფრთხოების მიზნით, გზის აღნიშნულ
მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა აიკრძალება.
ზუგდიდის საველე ოფისის ცნობით, წელს განსაკუთრებული ყურადღება
დაეთმობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის სოფლებს. აქ მცხოვრები
სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა სახელწოდებით "ევროკავშირის
სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები მუშაობის პროცესში" ზუგდიდის
სამხატვრო გალერეაში 9 მაისს გაიმართება, სადაც კონკურსის
გამარჯვებულიც გამოვლინდება.
გარდა ამისა, 9 მაისს პირველი საჯარო სკოლის ეზოში მოეწყობა
ფრენბურთის ტურნირი, ვიქტორინა და ასევე სხვადასხვა წარმოდგენები.
"წლების განმავლობაში ტრადიციად იქცა ევროკავშირის სადამკვირვებლო
მისიის ზუგდიდის საველე ოფისის მიერ 9 მაისის ზუგდიდში აღნიშვნა და
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობის მოწვევა ღონისძიებებში
მონაწილეობისთვის შუმანის დეკლარაციის ერთობლივად აღნიშვნის მიზნით.
გვინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ ეს დღე და ხელი შევუწყოთ ევროკავშირის
შესახებ ზუგდიდის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. სხვადასხვა
ღონისძიებებთან ერთად, ზუგდიდის საველე ოფისი გეგმავს მოაწყოს
მარათონი ზუგდიდის ბულვარის ირგვლივ, სადაც მონაწილეობას მიიღებენ
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ზუგდიდის მცხოვრებლები,
სკოლის მოსწავლეები ზუგდიდის საველე ოფისის მონიტორებთან ერთად", -
ამბობს ზუგდიდის საველე ოფისის ხელმძღვანელი ჰაკან რაპი.
68 წლის წინ, 1950 წლის 9 მაისს, მაშინდელმა საფრანგეთის საგარეო
საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა, გადადგა პირველი ნაბიჯი იმ
ორგანიზაციის შექმნისკენ, რასაც დღეს ევროკავშირს ვუწოდებთ. 9 მაისს,
შუმანის დეკლარაციის პრინციპების გათვალისწინებით, ევროკავშირის
სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს ევროპის დღეს.
ფოტო: ზუგდიდის საველე ოფისის არქივიდან
მასალის გამოყენების პირობები