შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ
ეკონომიკისა და ენერგეტიკის, სოფლის
მეურნეობის მინისტრების მოადგილეებთან, ინვესტორებთან და სვანეთის
მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ
შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე სვანეთში მშენებარე ჰესების - „მესტია
ჭალა-1“ და „მესტია ჭალა-2“ - მშენებლობის უსაფრთხოების საკითხი
განიხილეს და ერთმანეთის პოზიციები მოისმინეს. სახელმწიფო უწყებების
წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ჰიდროელექტროსადგურები მთავრობასა და
ადგილობრივ მოსახლეობას შორის მჭიდრო კომუნიკაციისა და შეთანხმების
გარეშე არ აშენდება.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ
განაცხადა, ენერგეტიკული სიმძლავრეების განვითარება არ უნდა მოხდეს
მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ.
„ენერგეტიკული სიმძლავრეების ზრდა, პირველ რიგში, სწორედ ჩვენი
ქვეყნის მოსახლეობის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას
ემსახურება. სახელმწიფო, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს განვითარებას და
მშენებლობის უწყვეტ წარმართვას და მეორე მხრივ, ამ პროცესში
მოსახლეობის ინტერესების დაცვას და მათ ჩართულობას. ჩვენ მოსახლეობას
მივეცით გარანტია, რომ მათი აზრის გათვალისწინების გარეშე მშენებლობა
არ შედგებოდა“, - აღნიშნა საბანაძემ.
შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეები
შეთანხმდნენ, რომ ეკონომიკური სიმძლავრეების გაზრდას და
ენერგოდამოუკიდებლობას ქვეყნის განვითარებისთვის არსებითი მნიშვნელობა
აქვს და მშენებარე ჰესების მშენებლობის განახლების გადაწყვეტილება
მიიღეს.
„მშენებარე ჰესების საკითხს საზოგადოების მხრიდან აზრთა სხვადასხვაობა
მოჰყვა. სხვა უწყებებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ
ინვესტორებსა და მოსახლეობას შორის მედიატორის როლი შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 1 იანვარს ძალაში შევიდა ახალი
საკანონმდებლო ცვლილება, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის
შემუშავებასთან დაკავშირებით, რომლის მიზანია ჰიდროელექტროსადგურების
მშენებლობის პროცესი წარიმართოს მთავრობასა და მოსახლეობას შორის
ეფექტური, მჭიდრო კომუნიკაციით, მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობითა
და ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით“, -
აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სვანეთში ჰესების მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი
აპროტესტებს. მათ აქცია არაერთხელ გამართეს. ისინი მიიჩნევენ, რომ
მსგავსი პროექტების განხორციელება რეგიონის ეკოსისტემას
დააზიანებს.
კომპანია „სვანეთი ჰიდრო“ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით
აცხადებს, რომ “სვანეთი ჰიდროს“ მიერ დაბა მესტიაში მშენებარე
”მესტიაჭალა 1” და ”მესტიაჭალა 2” არადაგუბებითი ტიპის ჰესებს
განეკუთვნება და თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით
შენდება.
ამავე თემაზე:
“სვანეთის
ახალგაზრდული მოძრაობა“ რეგიონის ხელშეუხებელ ზონად გამოცხადებას
ითხოვს
მასალის გამოყენების პირობები