კოლხეთის ეროვნული პარკების 500 მეტრიანი ბუფერული ზონა 250 მეტრამდე შემცირდა. ამის შესახებ ბრძანება საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითშვილმა 15 ნოემბერს მიიღო. "ზუგდიდის მონადირეთა კავშირის" წარმომადგენლებმა რადიო
"ათინათს" უთხრეს, რომ ექვსწლიანი მოთხოვნა ერთ დღეში გადაწყდა და ამაში მათ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია დაეხმარა. კავშირის ერთ-ერთი წევრის გურამ თირქიას თქმით, გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე დღის წინ გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების, სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე მოწერელიასა და შს მინისტრი გიორგი გახარიას მონადირეებთან შეხვედრის დროს გაიგეს. თირქია ამბობს, რომ მონადირეებმა ბუფერული ზონის შემცირების გამო მთავრობის ხელმძღვანელების მიმართ მადლიერება გამოხატეს და მათ სხვა მოთხოვნების შესახებაც ესაუბრნენ.
"20 წელია რაც აქ ვმუშაობ. ჩვენ მოვაშენეთ იქ რაც ნადირ-ფრინველია და ჩვენვე ვუვლიდით. ახლა მას არც დარაჯი ყავს და არც არავინ მეთვალყურეობს. ეს არ იყო რაიმე საარჩევნო დაპირება და ხმებისთვის მიღებული გადაწყვეტილება. მათ შეეცოდათ მონადირეები და შევიდნენ მათ მდგომარეობაში. უკვე წლებია ვითხოვთ ნადირობის უფლებას და ეს ერთ დღეში გადაწყდა. რა თქმა უნდა ჩვენც მხარს იმას დავუჭერთ, ვინც ჩვენ დაგვიჭირა მხარი. ჩვენ თხოვნით არაერთხელ მივმართეთ, ყოფილ გუბერნატორს, თუმცა შეთანხმებას მაშინ ვერ მივაღწიეთ. ახალ გუბერნატორთან, როდესაც მივედით შეხვედრაზე შეგვპირდა, რომ შუამდგომლობას გაგვიწევდა და მისგან პასუხიც რამდენიმე დღეში მივიღეთ", - ამბობს გურამ თირქია.
ბუფერული ზონების შემცირებასთან დაკავშირებით, მინისტრის ბრძანებას უკვე გაეცნო მონადირეთა კავშირის ხელმძღვანელი პაატა ქარჩავაც. მას იმედი აქვს, რომ მონადირეების მიერ წამოჭრილ სხვა მოთხოვნებსაც უახლოეს მომავალში დააკამყოფილებენ.
"კარგი საქმე გაკეთდა, მივიღე შესაბამისი ბრძანებაც. ხელშეკრულებაც დადებულია. პირველი ნაბიჯი გადაიდგა და კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი. იმედი გვაქვს, რომ სხვა მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებენ. ემოციებისგან სიტყვები არ ყოფნით მონადირეებს", - ამბობს ქარჩავა.
აღნიშნული კავშირი 1000-ზე მეტ მონადირეს აერთიანებს.
შს მინისტრი გიორგი გახარია და გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია მონადირეებს 17 ნოემბერს შეხვდნენ. გახარიამ მაშინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მონადირეებთან შეხვედრაზე შემთხვევით მოხვდა.
ამავე თემაზე:
შს მინისტრი: გპირდებით, არჩევნების დასრულების შემდეგაც უფრო ხშირად ვიქნები სამეგრელოში
მასალის გამოყენების პირობები