ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, ინფექციონისტის ლალი დარახველიძის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, სულ 8 ადამიანი მკურნალობს. მისივე თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა
სტაბილურია. დარახველიძემ რადიო
„ათინათს“ უთხრა, რომ იანვრის თვეში სულ საავადმყოფოს წითელას ვირუსით 70-მდე ადამიანმა მიმართა.
რაც შეეხება ვაქცინაციას, ააიპ ზუგდიდის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორმა ნანა ოდიშარიამ გვითხრა, რომ უფასო აცრა წითელაზე ზუგდიდში ბოლო ორი დღის განმავლობაში 16-მა პირმა ჩაიტარა.
„სულ სამეგრელოში უფასო ვაქცინაცია 40-მდე ადამიანმა გაიკეთა, თუმცა, ველოდებით, რომ აცრაზე მოთხოვნა გაიზრდება. ვაქცინაცია შესაძლებელია როგორც ამბულატორიებში, ასევე მისამართების მიხედვით. ბოლო ორი თვის განმავლობაში სამეგრელოში წითელას 170-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული“, - გვითხრა ოდიშარიამ.
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თუკი მათ არ ახსოვთ აქვთ თუ არა გაკეთებული წითელას აცრა, ჩაიტარონ ვაქცინაცია კვლავ, რადგან მეორედ მისი გაკეთება, ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. წითელაზე აცრა უფასო 18 იანვარს გახდა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის საავადმყოფოში წითელას უფასო ვაქცინაცია ჩატარდება
მასალის გამოყენების პირობები