ზუგდიდელი ბიზნესმენი მანანა მიქავა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავს. ის მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს. მიქავამ შენობაში შესვლა სცადა,
თუმცა მას კარი ჩაუკეტეს.
„ჩემი მოთხოვნები უცვლელია, დამიბრუნონ ჩემი კუთვნილი მიწის ფართობი და გააუქმონ სარჩელი სამი მილიონის ოდენობის ჯარიმის დაწესებაზე“, - აღნიშნა მიქავამ.
აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ტრანსფარანტები წარწერით: „მოაცილეთ ჩემს უძრავ ქონებას მერიის კრიმინალები“.
მანანა მიქავამ აქცია რამდენჯერმე გამართა. ბოლოს მას შეხვედრას მერობის კანდიდატი
გეგა შენგელია დაპირდა, თუმცა ამ დრომდე შეხვედრა არ შემდგარა.
საუბარია ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის ნაპირთან მდებარე 9 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, რომელიც მანანა მიქავას წინა ხელისუფლების დროს იჯარით 150 000 დოლარად გადაეცა. მას 4 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა ვალდებულებები გარკვეული მიზეზების გამო ვერ განახორციელა და ხელშეკრულება გაუუქმეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიქავამ გაასაჩივრა, რის შემდეგაც ორივე ინსტანციის სასამართლომ, ბიზნესმენის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საკრებულოს დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოგვიანებით, მერიამ მას ორთვიანი ვადა მისცა, თუმცა ბიზნესმენმა ვალდებულებები ისევ ვერ შეასრულა. საბოლოოდ, აღნიშნული ტერიტორია ზუგდიდის მერიის ბალანსზე რჩება.
ეს სწორედ ის ტერიტორიაა, რომელთან დაკავშირებითაც ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს გამოძიება ქრთამის აღებას ედავება.
მასალის გამოყენების პირობები