ზუგდიდის საკრებულომ სკეიტ პარკში მდებარე ყინულის სასახლის ტერიტორიის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული საკითხის განხილვას სხდომაზე ხმაური მოჰყვა. გადაწყვეტილების მიღებამდე სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა და მოქალაქე აქტივისტების ნაწილმა დატოვა.
მანამდე საკრებულოს წევრმა ენმ-დან ანა წითლიძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღება მერის გიორგი შენგელიას ლობირებით ხდება, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ უპასუხა, რომ ტერიტორიას აუქციონზე გაიტანენ და იყიდის თუ არა მას კომპანია m², ჯერ უცნობია.
„მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად ეს იქნება ადგილი, რომელიც ქალაქს აქცევს მიზიდულობის ცენტრად. ამ შინაგანი რწმენით მივდივართ ამ გადაწყვეტილებამდე. როცა აქ ცნობილი ბრენდი შემოვა, ეს სხვა ინვესტორებისთვის იქნება სიგნალი. m² ნამდვილად არ არის გადაწყვეტილი. არ გამოვრიცხავ, ის გახდეს გამრჯვებილი, თუმცა არც სხვა გამოირიცხება“, - აღნიშნა წოწერიამ.
საკრებულოს გადაწყვეტილების თანახმად, ტერიტორია 7 მილიონზე მეტ ლარად გაიყიდება, ხოლო ინვესტორს, რომელიც შეიძენს მას, ექნება ვალდებულება, 8 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს. რაც შეეხება ყინულის სახლს, მას შემდეგ, რაც ინვესტორი 200 000 ლარს გადაიხდის, მერია კონსტრუქციას სხვა ადგილას თავად გადაიტანს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე, აუქციონში გამარჯვებულმა 80 ნომრიანი, საერთაშორისო სტანდარტების, ბრენდული სასტუმრო უნდა ააშენოს.
ყინულის სასახლის ადგილას კომპანია m² სამსართულიანი სასტუმროს აშენება სურდა. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ სასტუმროს პროექტის პრეზენტაციაზე 25 ნოემბერს ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ზუგდიდელების აზრი და შეფასებები აინტერესებს. მისი თქმით, სასტუმრო იქნება საერთაშორისო ბრენდის და ის ხელს არ შეუშლის დადიანების სასახლის ხედს. ადგილობრივების ნაწილი სკეიტ პარკის მიმდებარედ ყინულის სასახლის ადგილას სასტუმროს აშენების წინააღმდეგია. ისინი თვლიან, რომ რეკრეაციულ ზონაში მსგავსი მშენებლობა მიზანშეწონილი არ არის.
სკეიტ პარკში, ყინულის სახლის ადგილას სასტუმროს მშენებლობის კონცეფციაზე საჯარო განხილვა ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, 19 თებერვალს გაიმართა. შეხვედრას საზოგადოების ნაწილი, ადგილობრივი ხელისუფლების და m²-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დამსწრეების ნაწილს ყინულის სახლის ადგილზე სასტუმროს აშენება არ სურდა.
სკეიტ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ 16 თებერვალს ზუგდიდში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას და ამ საკითხის განხილვას ითხოვდნენ.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა მოქალაქეების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა
მასალის გამოყენების პირობები