ზუგდიდელი ყოფილი სამართალდამცავის გიორგი სამუშიას უკრანიდან საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "ათინათს"
საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს. მას გამოძიება გაყალბებული პასპორტით საზღვრის უკანონო გადაკვეთას
ედავება. სამუშია უკრაინაში მიმდინარე წლის მაისში
დააკავეს.სამუშიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 2015 წლის 11 დეკემბერს დაიწყო და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, თუმცა მას 9-თვიანი ვადის ამოწურვამდე აღკვეთის ღონისძიება გირაოთი
შეუცვალა.სამუშიას ბრალად ორგანიზებული ჯგუფის მიერ ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში მონაწილეობა
ედებოდა. ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით, ამავე საქმეზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულნი არიან დავით ახალაია, გიორგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა.
"2012 წლის 28 ივლისს, შს სამინისტროს სამეგრელო -ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომელმა გიორგი სამუშიამ, სხვა პირებთან ერთად, იმჟამინდელი მაღალი თანამდებობის პირების, დავით ახალაიას, გიორგი კალანდაძის,მეგის ქარდავას და რომან შამათავას დავალებით,ზუგდიდში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ელბერდ კობერიძეს, ხელბორკილებით და სახეზე ნიღაბჩამოცმული გადაიყვანა თბილისში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ზემოთხსენებული ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ერთობლივი განზრახვით დაგეგმილი იყო წამების გზით კობერიძისგან ტერორისტული აქტის მომზადების აღიარებითი ჩვენების მიღება.
ამ მოთხოვნით, დავით ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ, მეგის ქარდავამ და რომან შამათავამ, სამხედრო პოლიციის შენობაში, რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს და ცემეს ელბერდ კობერიძე. წამებისა დროს არაერთხელ დაასხურეს წიწაკის მხუთავი აირი და გაგუდვის ინსცენირების მიზნით თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი. ელბერდ კობერიძე იმდენად სასტიკად აწამეს, რომ მან გონება დაკარგა და უმწეო მდგომარეობაში, სასტიკად ნაწამები იმყოფებოდა 10 დღის განმავლობაში. მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში მომუშავე რიგითი თანამშრომლების თხოვნით, რის შემდეგაც ელბერდ კობერიძე გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მოხერხდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება", - აცხადებდნენ მაშინ პროკურატურაში.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ", ასევე მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობდა, რაც 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები