პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსმა“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ჯამბულ ნაჭყებია წარადგინა. პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის
მარიამ ჯაშის ინფორმაციით, ნაჭყებიას დიდი გამოცდილება აქვს, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო სფეროში.
„ჯამბულ ნაჭყებია არის ძლიერი და ღირსეული კანდიდატი, ის იბრძოლებს ზუგდიდის მაჟორიტარობისთვის. ის არის სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, არის ზუგდიდელი, რომელმაც არაჩვეულებრივად იცის ამ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და ზოგადად, სამეგრელოსთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები. ჯამბულ ნაჭყებია არის სწორედ ის პიროვნება, რომელიც თავისი გამოცდილებით და ცოდნით იმსახურებს ზუგდიდელების უპირობო ნდობას. ჩვენ მასთან ერთად ვიბრძვით გამარჯვებისთვის “, - აღნიშნა მაიამ ჯაშმა.
დეპუტატობის კანდიტატი ამბობს, რომ მისთვის პრიორიტეტი განათლება და ის ინფრასტრუქტურული პროექტებია, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობებს გააუმჯობესებს.
„ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ზუგდიდი იყოს მიზიდულობის ცენტრი, ინტეგრაციის ცენტრი ჩვენი ემიგრანტი მოქალაქეებისთვის. რადგან ჩვენი რეგიონი საოკუპაციო ხაზთანა არის აუცილებელია გავრცელდეს ყველა ის შეღავათი, რომელიც ვრცელდება მაღალმთიან რეგიონებზე. საჭიროა შეიქმნას თავისუფალი ინდუსტრიული ზონები. ვფიქრობ, რომ განათლებაა პრიორიტეტი და რეგიონის მასშტაბით უნდა შეიქმნას განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეთა სასწავლებელი ყოფილი კოლეჯის და ტექნოპარკის ბაზაზე. აუცილებელია რუხის საავადმყოფო იყოს არამომგებიანი, რათა ხელმისაწვდომი გახდეს ყველა ტიპის მომსახურება მოქალაქისთვის. ასევე, უნდა გაგრძელდეს მუშაობა ანაკლიის პროექტზე და ყველა იმ პროექტზე, რომელიც გააუმჯობესებს ჩვენი ხალხის ცხოვრების პირობებს", - ამბობს ჯამბულ ნაჭყებია.
ჯამბულ ნაჭყებია ზუგდიდში 1961 წლის 17 აგვისტოს დაიბადა. 1977-1982 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2009-2012 წლებში. სხვადასხვა დროს მუშაობდა საგანმანათლებლო სფეროში. ასევე, 2005 წელს იკავებდა ზუგდიდის რაიონული გამგებლის მოადგილის თანამდებობას.
მასალის გამოყენების პირობები