ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესვენება გამოცხადდა სენაკში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებული აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო პროცესზე.
პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა, აღნიშნულის მოტივად სხვადასხვა საფუძველი დაასახელა, მათ შორის დანაშაულის სიმძიმე და ის, რომ დაკავებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
თავის მხრივ, ბრალდებულმა სხდომაზე თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს, მისმა ადვოკატმა როლანდ შონიამ კი მტკიცებულებების არასაკმარისობასა და შეუსაბამობაზე ისაუბრა. სხდომაზე წაიკითხა ბრალდებულის გამოკითხვის ოქმი, რომელშიც ლ.ს. წერს, რომ სამართალდამცავებმა მის წინააღმდეგ საქმე “შეთითხნეს”, მასზე ფიზიკურად იძალადეს, დაემუქრნენ და ასე მოიპოვეს ჩვენება. ის ასევე ამბობს, რომ მას თორნიკე გოგია არ მოუკლავს და არც მისი მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. ამასთან, დაცვის მხარე დაკავების უკანონობაზე საუბრობს და დასძენს, რომ ის კლინიკიდან სამართალდამცავებმა დაკავების ოქმის გარეშე აიყვანეს და საათების განმავლობაში უკანონოდ ჰქონდათ თავისუფლება აღკვეთილი.
შონიამ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა, მოსამართლემ კი განმარტა, რომ ადვოკატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას შესაბამის ორგანოებს გააცნობს. სხდომაზე პროკურორმაც დასძინა, რომ საქმეზე შესაბამის უწყებას პროკურატურაც მიმართავს, თუმცა კატეგორიულად უარყო ინფორმაცია დაკავების უკანონობის შესახებ.
სწორედ ამ ინფორმაციისთვის შესაბამისი მასალების მოსაპოვებლად გამოცხადდა სამ საათიანი შესვენება სხდომაზე.
მკვლელობა სენაკში, გორის ქუჩაზე ორი
დღის წინ მოხდა. ჩხუბში ათამდე მამაკაცი მონაწილეობდა, შედეგად, გარდაიცვალა ერთი, დაიჭრა 5 პირი.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ამავე თემაზე:
სენაკში მკვლელობის ბრალდებით 21 წლის მამაკაცი დააკავეს
სენაკში მკვლელობისთვის დაკავებული ბრალს არ აღიარებს - ადვოკატი
მასალის გამოყენების პირობები