ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც ოპოზიციონერი საკრებულოს თავმჯდომარის, მისი ოპოზიციონერი მოადგილეებისა და საკრებულოს კომისიების ოპოზიციონერი თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი უნდა
განიხილონ, ერთი საათით გადაიდო.
სხდომა პირველ საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა თხუთმეტი წუთის განმავლობაში, 45 მანდატიან საკრებულოში მხოლოდ ფრაქცია "ახალისა" და ფრაქცია "გახარია საქართველოსთვის" წევრები გამოცხადდნენ.
სხდომის ერთი საათით გადადების შემდეგ, მოვიდნენ "ქართული ოცნების" წევრები. სწორედ მათ ეკუთვნით ინიციატივა ამ საკითხების დაყენებისა.
ჯერჯერობით სხდომაზე არ მოსულან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. ისინი ბოლო რამდენიმე სხდომაა ბოიკოტის რეჟიმში არიან.
შეგახსენებთ, 10 აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში "ქართულმა ოცნებამ" და "ხალხის ძალამ" საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარისა და კომისიების წევრთა იმპიჩმენტის შესახებ წინადადება დაარეგისტრირა.
დღის წესრიგის თანახმად კი, ეს ოპოზიციონერი თავმჯდომარის, გახარიას პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლის გიგა ფარულავას, მისი სამივე მოადგილის - ამავე პარტიის წევრ მალხაზ თორიას, ყოფილი ენმ-სა და ამჟამად "ახალის" წევრების თემურ ბასილაიასა და კახაბერ ჩანგელიას პოსტებიდან გადაყენების საკითხებზე მსჯელობას გულისხმობს.
პროცესს, ასევე, წინ უძღოდა ბოიკოტი. საკრებულოში სხდომის ჩასატარებლად ხუთჯერ ვერ შედგა კვორუმი, რადგან "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" არცერთი წარმომადგენელი მას არ დასწრებია.
საკრებულოს დეპუტატები, რომელთა გადაყენებაც მმართველ პარტიას სურდა, ამბობენ, რომ მათთვის ცხადია ალიანსი და გარიგება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ ენმ-ს შორის.
"ქართულ ოცნებაში" ოპოზიციონერ კოლეგებს, გახარიას პარტიისა და ენმ-ს უკვე ყოფილ წარმომადგენლებს 2021 წელს შეთანხმება გაახსენეს და აღნიშნეს, რომ საკრებულო "დასაქმების ბიუროდ" იქცა, შექმნილი კრიზისი კი ენმ-ში არსებული დაპირისპირების შედეგია.
იმპიჩმენტისთვის 45 მანდატიან საკრებულოში, სულ ცოტა, 23 ხმაა საჭირო, თუმცა, "ქართულ ოცნებას" მხოლოდ 20 წარმომადგენელი ჰყავს.
ამავე თემაზე:
მომავალ კვირაში ზუგდიდის საკრებულო ოპოზიციონერი თავმჯდომარის, მოადგილეებისა და თანამდებობის პირების გადაყენებას განიხილავს
ოპოზიციონერი თავმჯდომარისა და კომისიების ხელმძღვანელების გადაყენება, შეუმდგარი კვორუმი და ბრალდებები - რა ხდება ზუგდიდის საკრებულოში
პოლიტიკური კონსულტაციების გამო არ ვესწრებოდით - "ქართული ოცნება" საკრებულოში მივიდა
მასალის გამოყენების პირობები