საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ტყვედ ჩავარდნილი აფხაზეთიდან დევნილი ,,აზოვსტალის მცველის'' 23 წლის მამუკა გაწერელიას საკითხი დააყენა, რომელსაც რუსეთმა რამდენიმე თვის წინ უვადო პატიმრობა
მიუსაჯა.უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნული საკითხზე მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა.
შეგახსენებთ, აფხაზეთიდან დევნილი, სოხუმელი მამუკა გაწერელია 2022 წლის 20 მაისს ტყვედ მას შემდეგ ჩავარდა, რაც მისი ქვედანაყოფი დაემორჩილა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებას “აზოვსტალის” დატოვების შესახებ. გაწერელია, რომლის ოჯახი ზუგდიდში ცხოვრობს, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედროა.
რადიო
,,ათინათი'' პატიმრის დედას დალი ჩხეიძეს დაუკავშირდა, მან გვითხრა, რომ ელოდა პრეზიდენტის ასეთ გადაწყვეტილებას.
,,მიმართვა მქონდა გაგზავნილი პრეზიდენტისთვის, ეტყობა ჩაერია არასამთავრობოები და მიაწვდინეს პრეზიდენტს ხმა, მოლოდინი მქონდა რომ წამოაყენებდა ამ საკითხს'', - გვითხრა მამუკას დედამ.
შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს და უკრაინის ადგილი ევროპაშია. აუცილებელი და მნიშვნელოვანია მშვიდობა საქართველოში, უკრაინაში და ზოგადად, რეგიონში, რათა შესაძლებელი იყოს მისი სამომავლო განვითარება.
"საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს უკრაინისათვის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილების მიღება მიულოცა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინას სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა, პრეზიდენტმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და უკრაინა მალე ერთად გააგრძელებენ ევროინტეგრაციის ამ გზას'', - აღნიშნულია პრეზიდენტის ვებგვერდზე.
ცნობისთვის, შეხვედრას ესწრებოდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი იერმარკი და ვიცე - პრემიერი იულია სვირიდენკო.
მასალის გამოყენების პირობები