ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ მოქალაქეები იკრიბებიან, ისინი „ქართული ოცნების“ მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადების შემდეგ გამოვიდნენ ქუჩაში, პროტესტის ნიშნად.
ცოტა ხნის წინ, პრემიერ - მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება „ქართული ოცნების“ სახელით, იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე.
„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება მზად, ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად... ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით“, - თქვა კობახიძემ.
მისი განცხადების შემდეგ, საპროტესტო აქციები დაიწყო თბილისში, „ქართული ოცნების“ ოფისის და პარლამენტის წინ, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
მასალის გამოყენების პირობები