ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოში ხმაური მოჰყვა მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში დარჩენილი ნაშთის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ასახვის საკითხის განხილვას (ფოტო)
ზუგდიდის საკრებულოში დღევანდელი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დღის წესრიგით განსაზღვრული ათი საკითხიდან, საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი ცხრას დაუჭირა, ხოლო ხმაური მოჰყვა მეათე საკითხის, 2024 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩენილი ნაშთის, 5 368 300 ლარის, 2025 წლის ბიუჯეტში ასახვის განხილვას. კვორუმის არარსებობის გამო, საკითხი ჩავარდა. მას მხარი 20-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო - 5, ხოლო გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობა 23-ს შეადგენს.

საკრებულოს სხდომას წინ უსწრებდა, ცალკეულ მედიასაშუალებებში ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიას მიერ გაკეთებული განცხადება, რომ „ოპოზიციური საკრებულო უკვე მერამდენე დღეა, ვიწრო პარტიული ინტერესების გამო, მნიშვნელოვან ფინანსურ ტრანზაქციებს აფერხებს“.

პასუხად, წარმომადგენლობითი ორგანოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომაზე თქვეს, რომ მერიისგან შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვეს, თუ რა მიზეზებით ვერ მოხერხდა ბიუჯეტის ათვისება, რის შესახებაც, მათი განმარტებით, დოკუმენტაცია დღემდე არ მიუღიათ.

ფრაქცია „ახალის“ თავმჯდომარე მაია კალანდია აღნიშნავს, რომ მერის ეს განცხადება არის ოპოზიციონერ დეპუტატებზე თავდასხმა და გაუნაწილებელი ნაშთი, შესაძლოა, არასწორად გახარჯული თანხა იყოს, რომელიც, მისი თქმით, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას და შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენას საჭიროებს.

„რამდენიმე დღეა მიმდინარეობს ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია „ახალის“ და ოპოზიციონერი წარმომადგენლების მიმართ, ზუგდიდის მერიისგან თავდასხმები, რომ ჩვენ საბოტაჟს ვუკეთებთ ჩვენს მოსახლეობას იმიტომ, რომ არ მოვდივართ საკრებულოში. ეს ასე არ არის. იმ საკითხებთან დაკავშირებით, ძირითადად, ეს იყო შარშანდელი, 2024 წლის ბიუჯეტში 5 მილიონ ნახევრის ნაშთის შესახებ შეკითხვებზე, ჩვენ მერიაში შეკითხვები გავაგზავნეთ და პასუხები ვერ მივიღეთ. მხოლოდ გამოგვიგზავნეს ის შეტყობინება, რომ თებერვლის ბოლოს ისინი წარმოადგენდნენ სამსახურების ანგარიშს და ახლა კენჭი უყარეთო. ჩვენ არ ვიცით, რატომ დარჩა 5 328 000 ლარი ნაშთი შარშან და რატომ გადმოვიდა ის წელს. სავარაუდოდ, ეს არის არასწორად გახარჯული თანხა, სადაც ეჭვები შეიძლება წავიდეს და შეიძლება, სამართლებრივი დარღვევებიც იყოს, თუ ეს არის კანონით გათვალისწინებული მოქმედება, რომელიც მერიამ ვერ აითვისა. ამაზე პასუხი არ გვაქვს, ამხელა თანხა რომ განვიხილო, გვჭირდება სპეციალისტების დახმარებაც. ჩვენ ვითვალისწინებთ მოსახლეობის ინტერესს და ვითხოვთ შესაბამის დოკუმენტს“, - თქვა კალანდიამ.

მსგავსად, სხვა დეპუტატებისა, "საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ბელა მოსიამაც განმარტა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავშირებით, არსებობს შეკითხვები, რასაც, მისის თქმით, სჭირდება დამატებითი დოკუმენტაცია, რომელიც მათთვის არ არის საჯარო.

„ჩვენ არასდროს არ ვიქნებით იმ პროცესების შემაფერხებელი, რომელიც აზიანებს მუნიციპალურ ინტერესებს. ყოველთვის დავდგებით პირადზე მაღლა, თუმცა არსებობს კითხვები, არამარტო ხელშეკრულებებზე არ არის საუბარი, ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული, ამას აქვს დამატებითი კითხვები და პასუხები, რომლებიც არის დოკუმენტურად და საუბარია მათ წარმოდგენაზე“, - განმარტა სხდომაზე მოსიამ.

თავის მხრივ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრების თქმით, აღნიშნული მასალა ყველასთვის ხელმისაწვდომია. როგორც ისინი ამბობენ, მეტი საჯაროობისთვის, დღევანდელ სხდომაზე ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეტალურად განმარტა, რატომ დარჩა გაუნაწილებელი თანხა და რას უნდა მოხმარდეს ის.

„ასეულობით ოჯახი, სხვადასხვა პროექტის შემსრულებლები, ნამუშევარი ოჯახები ელოდება ამ ნაშთის ჩარიცხვას, რომელიც უნდა წავიდეს იმ ოჯახებში, რომლებიც იმ ქუჩებს აკეთებდნენ და სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდნენ, მაგრამ ხედავთ, რომ ოპოზიციას ყოველ ჯერზე უჩნდება დამატებითი კითხვები, რომელიც არის დემაგოგიისთვის, თორემ ძალიან დეტალურად ახსნა ზედამხედველობის უფროსმა თუ საიდან გაჩნდა და სად წავიდა ეს თანხა, მაგრამ მორიგ ჯერზეც ჩააგდეს საკითხი.

რასაც ითხოვდნენ, ეს ზეპირსიტყვიერად განუმარტეს მას და რაც განუმარტა იმას წერილობით უტოვებს ოპოზიციას, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ ესენი დაკმაყოფილდებიან და თანხებს ბიუჯეტში ასახავენ. ხალხი ხელფასს ვერ იღებს, მერიის კონტრაქტორი კომპანიები ხელფასს ვერ გასცემენ თავიანთი თანამშრომლებისთვის“, - თქვა ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, ოთო ქადარიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, გიგა მელიას მტკიცებით, მუნიციპალიტეტში მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს და გონივრულია, რომ გარდამავალი ნაშთი წარმოიშვა.

„მე ცალკეული დეპუტატების განწყობაზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა განწყობა იყო ის, რა შედეგადაც დასრულდა საკრებულოს სხდომა, რაც შეეხება იმ ინფორმაცია,ს რის წარმოდგენასაც ითხოვენ, სრულად საჯარო ინფორმაციაა, არცერთი დეტალი ამ ინფორმაციაში არ არის მათთვის ან ნებისმიერი სხვა მოქალაქისთვის, ხელმიუწვდომელი,სრულად ეს ინფორმაცია არის საჯარო, დამატებით, მარტივი აღქმისათვის, ჩვენი მხრიდან გაკეთდა კომენტირება , ჩაშლა, თითოეულ დეტალზე, თუ რატომ მოხდა აი ამ ნაშთების მიღება იმ სახით, რა სახითაც გვაქვს. ბუნებრივია, ცოცხალ ორგანიზმში, ანუ ბიუჯეტში, სამშენებლო პროცესებისას წარმოიშობა აღნიშნული და შესაბამისად, ამის განმარტება, ყოველთვის შეიძლება“, - დასძინა მელიამ.

ცნობისთვის, 26 დეკემბერს, ზუგდიდში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. მისი მოცულობა 70 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა და მას მხარი "ქართული ოცნების", "ახალის" და "საქართველოსთვის" წევრებმა დაუჭირეს. სხდომას არ ესწრებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები, რომლებმაც წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცების საკითხზე ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ ასახავს ზუგდიდელების ინტერესს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის საკრებულოში ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცეს - ოპოზიციონერი დეპუტატების გამოხმაურებები

ენმ - ში აცხადებენ, რომ პარტიას არ წარმოადგენენ მათი წევრები, რომლებმაც ჩხოროწყუს საკრებულოში ბიუჯეტს დაუჭირეს მხარი

ზუგდიდის საკრებულოში ბიუჯეტის მხარდაჭერის გამო "ახალის" წევრები პარტიას ტოვებენ
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
21 / თებერვალი 2025
23-25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, სანაპირო რაიონებში დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე შემცირება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
21 / თებერვალი 2025
დღეს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტობის“ კანდიდატები, ადგურ არძინბა და ბადრა გუნბა მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებ ტელეგრამის არხი RESPUBLICA იუწყება.
21 / თებერვალი 2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სხვა რეგიონების დეპარტამენტების თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 პირი დააკავეს. მათ შორის 12 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
20 / თებერვალი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.