"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
სოფელ ყულიშკარში ადგილობრივ მოსახლეობას პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე მოსახლეობას ის გეგმები გააცნეს, რის განხორციელებასაც მმართველი გუნდი აპირებს.
"ყულიშკარის მოსახლეობას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად შევხვდით, იყო ძალიან კარგი შეხვედრა, საზოგადოებას აქვს იმედი იმისა, რომ ჩვენ შევძლებთ ისევ გავაგრძელოთ ის თანმიმდევრული, მშვიდობიანი განვითარების გზა, რომელსაც საქართველო ადგას და რა თქმა უნდა ჩვენც მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს საზოგადოებას და შევძლოთ კიდევ უფრო მეტი შედეგები დავდოთ ჩვენი კუთხისთვის და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ირაკლი ჩიქოვანი უალტერნატივო კანდიდატია და მან კარგად იცის ის საჭიროებები რაც ამ მუნიციპალიტეტს აქვს.
"ძნელად წარმომიდგენია, რომ თქვენნაირი საზოგადოება იმსახურებდეს სხვანაირ ადამიანს, თუ არა ისეთ განათლებულ, გამოცდილ, წესიერ და პროგრესულ კაცს, როგორიც არის ირაკლი ჩიქოვანი. რატომ იქნება ის ყველაზე უკეთესი? იმიტომ რომ მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება, განათლებული კაცია, პროგრესული ადამიანია, აქვს საპარლამენტო და პოლიტიკური გუნდის სრული მხარდაჭერა, აქვს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრთან ახლო თანამშრომლობა, მეგობრობა და მათი სრული მხარდაჭერა, შესაბამისად ჩვენს ქალაქს, ჩვენს სოფლებს სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელსაც სწრაფად და სწორად შეუძლია საკითხების გადაწყვეტა. მერწმუნეთ, რომ ირაკლი ჩიქოვანზე ეფექტურად ამას ვერავინ გააკეთებს", - განაცხადა შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ.
სოფელ ყულიშკარში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მიმდინარეობს წმინდა გიორგის ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. დასრულდა ამბულატორიის მშენებლობა, სოფელს უკვე მეორე წელია ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემა აქვს. ყულიშკარის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება, განახლდება საბავშვო ბაღიც.
მასალის გამოყენების პირობები