ალექსანდრე მოწერელია - მარტვილელები გამორჩეულნი არიან ცოდნისადმი ლტოლვით, სახელმწიფოებრივი აზროვნებით, პატრიოტიზმით და რაც მთავარია ძალიან დიდი შრომისმოყვარეობით
მარტვილის მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენა გაიმართა.
კანდიდატის წარდგენას "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.
"ჩემთვის განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა ვიდგე თქვენს წინაშე მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. მარტვილი განსაკუთრებულ დატვირთვას სძენს ჩემს პასუხისმგებლობას, რადგან ჩემი ბავშვობის საუკეთესო წლები აქ მაქვს გატარებული. ეს ჩემთვის მშობლიური მხარეა. მარტვილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული კუთხე. აქ მოღვაწეობდა გიორგი ჭყონდიდელი, აქ აღიზარდა დავით აღმაშენებელი. მარტვილმა მასზე დაკისრებული ფუნქცია ძალიან კარგად შეასრულა. აქიდან დაიწყო საქართველოს გაძლიერება, რამაც აქაურებზე დიდი კვალი დატოვა. მარტვილელები გამორჩეულნი არიან ცოდნისადმი ლტოლვით, სახელმწიფოებრივი აზროვნებით, პატრიოტიზმით და რაც მთავარია ძალიან დიდი შრომისმოყვარეობით. ჩვენ ერთად მოვახერხეთ აღგვედგინა და დაგვებრუნებინა მარტვილის ტაძრისთვის პირვანდელი იერსახე. როგორც მაშინ, ერთმანეთის გვერდიგვერდ, ერთად შრომით შევძელით ეს დიდი მამულიშვილური საქმე გაგვეკეთებინა მარტვილისა და ქვეყნისათვის, ასევე ერთად შრომა უნდა გავაგრძელოთ მომავალშიც, რათა მივაღწიოთ წარმატებებს. მომავალი 4 წელი იქნება დაუღალავი შრომის. იმედი მაქვს თქვენი თანადგომის, მხარდაჭერის. მარტვილი, რა თქმა უნდა, ცნობილია კანიონით, მაგრამ ასევე არის მხარე, რომელიც არის კოლხური ვაზის ჯიშების მარანი და აკვანი. სწორედ მარტვილმა შემოინახა ყველაზე მეტი, რაც ჩვენს ეროვნულ იდენტობასთან, მევენახეობასთან გვაკავშირებს - უძველესი ვაზის ჯიშები. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მარტვილის აღორძინება, ჩვენ გვაქვს უფრო მეტი თვალწარმტაცი ადგილები, რომელთა ინფრასტრუქტურაც მოსაწყობია. მე, მჯერა იმისა, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვიშრომებთ და მივაღწევთ გამარჯვებას, ერთად მარტვილის, საქართველოს აღორძინებისათვის", - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ალექსანდრე მოწერელიამ.
მასალის გამოყენების პირობები