ალექსანდრე მოწერელია: აბაშა არის ადგილი, სადაც ჩვენმა წინაპრებმა დიდი შრომა გასწიეს და რა თქმა უნდა, მეამაყება ის, რომ პაპაჩემი, ალექსანდრე მოწერელია, რომლის სახელსაც მე ვატარებ, იყო ამ შრომის თანამონაწილე
აბაშის მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენა გაიმართა.
კანდიდატის წარდგენას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.
"მოგესალმებით ძვირფასო აბაშელებო, მივესალმები ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერებს, ბატონ გიორგი გახარიას, ბატონ არჩილ თალაკვაძეს, ბატონ კახი კალაძეს. მივესალმები მთლიანად პოლიტიკურ გუნდს, მოწვეულ სტუმრებს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, გამოცდილება და ცოდნა ჩემი ქვეყნის კეთილდღეობას მოვახმარო. აბაშა გამორჩეული მუნიციპალიტეტია ჩვენს ლამაზ მხარეში. ყველამ ვნახეთ, ამ წლებში როგორ გამშვენიერდა აბაშა. ბევრი პრობლემა გადაილახა, თუმცა გამოწვევები კვლავ არსებობს და ჩვენ შევძლებთ სათანადოდ ვუპასუხოთ. აბაშა ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი რეგიონისთვის, ის რეგიონის ბეღელია. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენმა წინაპრებმა მიაღწიეს უდიდეს გამარჯვებას და კოლხეთის დაბლობის დაჭაობებული და მალარიით დამძიმებული სურათი სრულიად შეცვალა. მათ შეძლეს ცნობილი ანჯერის მასივის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ბრუნვაში მოქცევა. სწორედ ეს არის ის ადგილი, სადაც ჩვენმა წინაპრებმა დიდი შრომა გასწიეს და რა თქმა უნდა, მეამაყება ის, რომ პაპაჩემი, ალექსანდრე მოწერელია, რომლის სახელსაც მე ვატარებ, იყო ამ შრომის თანამონაწილე და მას დიდი წვლილი მიუძღვის ამ კარგი საქმის წარმატებით დასრულებაში. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში წინაპრების დაწყებული საქმე უნდა გავაგრძელოთ. გავაძლიეროთ აბაშის აგროსამრეწველო კომპლექსი ისე, რომ თითოეული აბაშელი იყოს მისი თანამონაწილე. აბაშაში დღეს ფუნქციონირებს ძალიან წარმატებული კოოპერატივი. ამ კოოპერატივმა შეძლო ხორბლის კულტივირება აბაშაში და ჩვენ ყველანი ამის მოწმე ვართ. სწორედ აბაშიდან დაიწყება სამეგრელოს კიდევ უფრო აგრარული კუთხით გაძლიერება. აქ ჩამოყალიბდება ყველაზე დიდი ფერმერული მეურნეობები და რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ იქნება ამ რეფორმების და დახმარების წინა ხაზზე. გადმოცემის თანახმად შუა საუკუნეებში შემოსულმა მტერმა სწორედ აბაშიდან დაიწყო უკან დახევა. ეს არის ჩვენი გამარჯვების ადგილი. ერთად ვიშრომოთ აბაშის, სამეგრელოს, ჩვენი მხარისა და საქართველოს წარმატებისთვის", - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ალექსანდრე მოწერელიამ.
მასალის გამოყენების პირობები