ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამება დასრულდა, ფაქტს ,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიატი ირაკლი ჩიქოვანი ეხმაურება.
მისი განმარტებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა მშვიდ, თავისუფალ, კონკურენტულ, დემოკრატიულ გარემოში, რაზეც მიუთითებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც. მაჟორიტარობის კანდიდიატი მხარდამჭერებს მადლობას უხდის და აცახდებს, რომ საბოლოო გამარჯვებას მხარდამჭერებთან ერთად 21 ნოემბერს იზეიმებენ.
,,დასრულდა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამება. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ოპოზიციური პარტიები საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას ცდილობენ მხოლოდ სპეკულაციებზე დაფუძნებით, ზუგდიდში არ დაფიქსირებულა უარყოფითი პოზიციები საუბნო საარჩევნო კომისიებში მყოფი სხვადასხვა პარტიის მხრიდან. საუბნო საარჩევნო კომისიების არცერთ წევრს, მათ შორის, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების მიმართ არ გამოუხატავთ რამე სახის პრეტენზია და, შესაბამისად, ოქმში დაფიქსირებულ შედეგებთან დაკავშირებით არ დაუფიქსირებიათ განსხვავებული აზრი (არცერთ შემაჯამებელ ოქმს არ ერთვის კომისიის წევრის რამე სახის შენიშვნა).
რაც შეეხება საარჩევნო კომისიებში შეტანილ საჩივრებს, მათი დიდი ნაწილი საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული პროცედურების დარღვევით იყო წარდგენილი, რის გამოც არ იქნა განხილული შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ. კერძოდ, იყო შემთხვევები, როდესაც საჩივრებში არ იყო მითითებული დარღვევის არსი. მინდა აღვნიშნო, რომ არცერთ უბანზე არ იყო ბალანსის პრობლემა, რაზეც ოპოზიციური პარტიები დღემდე აპელირებენ და ახდენენ სიცრუის ტირაჟირებას.
მინდა მივმართო მხარდამჭერებს - მადლობა თქვენ, ათასობით ზუგდიდელს გამოვლენილი მხარდაჭერისა და ნდობისთვის, ჩვენ მცირედი ხმები დაგვაკლდა იმისთვის, რომ არჩევნები პირველივე ტურში მოგვეგო. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა მშვიდ, თავისუფალ, კონკურენტულ, დემოკრატიულ გარემოში, რაზეც მიუთითებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც. წინ მეორე ტურია და თქვენი მხარდაჭერა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ 21 ნოემბერს ერთად ვიზეიმებთ საბოლოო გამარჯვებას.
მადლობა მხარდაჭერისთვის!“ - წერს ირაკლი ჩიქოვანი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები