საახალწლო ღონისძიების დაკეტილ კარს მიღმა დარჩენილი 4 წლის გოგონას
ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა. მოქალაქეების ერთმა
ნაწილმა
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის მშობელი გააკრიტიკა და
გამოთქვა მოსაზრება, რომ მას შვილთან ერთად ზეიმის დროს დარბაზში სხვა
ღია კარებიდან შეეძლო შესვლა, მეორე ნაწილმა კი მომხდარში ბაღის
ადმინისტრაცია დაადანაშაულა.
რადიო „ათინათი“ დაინტერესდა, თუ რას
ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია მათი მოსაზრებები ზუგდიდის მე-15
ბაღში მომხდარ ინციდენტზე.
თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
პროფესორი თამარ გაგოშიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ნებისმიერი
დეტალი გათვლილი უნდა ყოფილიყო, რადგან აუტისტური სპექტრის აშლილობის
მქონე ბავშვები გარემოს ცვლილებას ვერ იტანენ.
„ისინი ადვილად ეჩვევიან წესებს და ამ წესებს მიყვებიან, მაგრამ თუ
რამე შეიცვალა, შეიძლება, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. გარემოსთან
სწრაფ ადაპტაციას ვერ ახერხებენ. რა გზითაც არის მიჩვეული, იმ გზით
უნდა შემოვიდეს. მეუბნებიან ხშირად მშობლები, რომ ბავშვი ბაღში სხვა
გზით ვერ მიყავთ, ვერ ეგუებიან დღის რეჟიმის, კვების, დამშვიდობების
და სხვა რიტუალების ცვლილებას. შეიძლება, ეს ძალიან რთულად გადაიტანოს
ბავშვმა. მე ვფიქრობ, რომ ეს ცნობიერების პრობლემაა. შესაძლებელია,
მასწავლებლებიც, მშობლებიც, სხვებიც გაკვირვებულები არიან, რატომ
გახდა პრობლემა სხვა, ღია კარიდან ბავშვის დარბაზში შესვლა, მაგრამ ამ
ბავშვისთვის ძალიან რთულია ამის აღქმა. დარწმუნებული ვარ, რომ არ
თვლიდნენ, რომ შესაძლებელი იყო, ასეთი პრობლემა შექმნილიყო. ისეა
მოწყობილი მისი ფსიქიკა, რომ თუ არის მოულოდნელობა, გამოსულია
ყველანაირი წყობიდან. ამიტომაც არ შეიძლება აპელირება იმაზე, რომ სხვა
კარი ღია იყო“, - უთხრა
რადიო „ათინათს“
გაგოშიძემ.
თამარ
გაგოშიძე
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტიპის ბავშვებისთვის
არაპროგოზირებად და მოულოდნელ სიტუაციაში მოქმედება რთულია, მან
წინასწარ უნდა იცოდეს ამის შესახებ და ამ შემთხვევაში, ბევრად უკეთ
ადაპტირდებიან მოულოდნელ მოთხოვნებთან და იცავენ წესებს.
იმ გარემოებას, რომ მშობლისთვის ჩვეული კარის ჩაკეტვის შესახებ
წინასწარ უნდა ყოფილიყო ცნობილი, უსვამს ხაზს არასამთავრობო
ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ ხელმძღვანელი მარიამ
კორკოტაძეც, რომლის ორგანიზაცია აღნიშნულ საკითხებზე მუშაობს.
კორკოტაძე ამბობს, რომ ადმინისტრაციას ბავშვის მდგომარეობა უნდა
გაეთვალისწინებინა და ცოდნოდა, რომ ამას, შესაძლოა, მისთვის
დამატებითი ღელვა გამოეწვია.
მარიამ
კორკოტაძე
„მათ ხშირად ერთი და იგივე ტანსაცმელი აცვიათ, ერთი და იმავე გზით
დადიან. ცვლილება შფოთი და სტრესია მათთვის. წინასწარ უნდა
გაეფრთხილებინათ მშობელი. როცა ასეთ ბავშვებთან მუშაობ, უნდა იცოდე,
რა უყვარს, რა სირთულეები აქვს და ასე შემდეგ. მისთვის სწორედ ის კარი
უნდა გაეღოთ, რომლითაც ის შედიოდა. ბაღის ხელმძღვანელობას აუცილებლად
უნდა სცოდნოდა მისი ინდივიდუალური საჭიროების შესახებ, რადგან ბავშვი
სულ ამ კარიდან ხვდებოდა დარბაზში“, - აღნიშნა კორკოტაძემ.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში, სხვა ღია კარებზე
აპელირება საზოგადოების მხრიდან არასწორია და მთავარი პრობლემა
არაინფორმირებულობაა.
ზუგდიდის მე-15 საბავშვო ბაღში მომხდარ ინციდენტს სახალხო დამცველის
აპარატი სწავლობს. შემთხვევაზე მოკვლევას აწარმოებს ზუგდიდის
მერიაც.
ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე
ბავშვის მშობლის თეა ანჩაბაძის მტკიცებით, მისი შვილი და სხვა, ასევე
აუტისტი ორი ბავშვი, ღონისძიებაზე იმ მიზეზით არ დაუშვეს, რომ
შესაძლებელი იყო, მათ ზეიმი ჩაეშალათ. ამის შესახებ პოსტი მან
სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ანჩაბაძე ამბობს, რომ სამსახურიდან
არავის გაშვებას არ ითხოვს, თუმცა თვლის, რომ ფაქტი რეაგირების გარეშე
არ უნდა დარჩეს.
საპირისპიროს ამტკიცებს ბაღის გამგე ინეზა ზაქარაია. მისი თქმით,
კარის ჩაკეტვის მიზეზი დეკორაციები იყო და კატეგორიულად უარჰყოფს იმ
ფაქტს, რომ ბავშვები ზეიმზე შეგნებულად არ შეუშვეს. ზაქარაიას თქმით,
სამივე მათგანის ზეიმში ჩართვა შემდეგ ღონისძიებაზე იყო დაგეგმილი.
ბაღის ადმინისტრაცია ამბობს იმასაც, რომ გასაღების პოვნას რამდენიმე
წუთი დასჭირდა, რის შემდეგაც აღნიშნული კარი გააღეს.
დაკეტილი კარი ბაღის ადმინისტრაციამ 4 წლის გოგონასთვის მეორე დღეს,
მორიგი საახალწლო ზეიმის დროს გააღო.
ამავე თემაზე:
ბაღის
აღსაზრდელს ჩაკეტილი კარი დღეს გაუღეს
მშობელი: ჩემი
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე შვილი ბაღში ზეიმზე არ
შეუშვეს
მასალის გამოყენების პირობები