ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლაშა ჯაიანი ამბობს, რომ ყოფილ კომპანიასთან დაკავშირებით კანონდარღვევასა და ეჭვის საფუძველს ვერ ხედავს. მან რადიო
„ათინათს“
უთხრა, რომ „ევრომშენი 999“-სთან კავშირი არ აქვს.
„ეს კომპანია კანონის სრული დაცვით გადავეცი ამჟამინდელ დირექტორს. მას შემდეგ, რაც მერიაში თანამდებობაზე დავინიშნე, არცერთი კომპანია არ ირიცხება ჩემს ბალანსზე. შესაბამისად, მე ვერ ვხედავ ეჭვის ვერავითარ საფუძველს, თუმცა, თუ ეჭვი და კითხვები მაინც არსებობს კანონდარღვევასთან დაკავშირებით, ალბათ, შესაბამის უწყებებს მიმართავენ და გამოძიება დაადგენს“, - თქვა ჯაიანმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ყოფილი კომპანიის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ზუგდიდში ტენდერებს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ყოფილი კომპანია იგებს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, შპს „ევრომშენი 999”-ის მიერ ტენდერებში გამარჯვება და ზემოთ მოყვანილი გარემოებები წარმოშობს ეჭვს და აჩენს კითხვებს სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით, რაზეც ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უნდა გასცეს სრულყოფილი და ამომწურავი პასუხი.
TI მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს შპს „ევრომშენი 999”-ის მიერ ზუგდიდის გამგეობისა და ზუგდიდის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების კანონიერების საკითხი.
ამავე თემაზე:
TI ზუგდიდის მერიაში სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე ინფორმაციას აქვეყნებს
მასალის გამოყენების პირობები