საქართველოს პარლამენტში განათლების კომიტეტის სხდომა, რომელზეც დეპუტატებს განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლებისთვის უნდა
მოესმინათ, გადაიდო.
კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის ინფორმაციით, სამინისტრომ დამატებითი მასალების მოსაძიებლად რამდენიმედღიანი ვადა ითხოვა.
„სრული სურათის დანახვა, მე ვფიქრობ, არის უაღრესად მნიშვნელოვანი კომიტეტისთვის და სწორედ ამ საფუძვლიდან გამომდინარე, მე მიზანშეწონილად ჩავთვალე დამატებითი დროის მიცემა სამინისტროსთვის. პარასკევს, 28 დეკემბერს ჩვენ გვექნება სხდომა და განვიხილავთ გენერალური ინსპექციის მიერ, 2018 წლის მანძილზე ჩატარებული ყველა სკოლის ინსპექციის შემთხვევას, ზოგად სურათს და ამ მონაცემების საფუძველზე, ვფიქრობ, ჩვენ გვექნება მეტი ანალიზის საშუალება ზუგდიდის მე-6 სკოლის შემთხვევასთან დაკავშირებით,“- განაცხადა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაშმა.
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაში განათლების სამინისტროს ადანაშაულებს და შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. ია კერზაია 9 დეკემბერს დილით ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს. ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.
აღნიშნულ სკოლაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახური გასული თვის შუა რიცხვებში შევიდა. უწყების ინფორმაციით, სკოლაში მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა, რომელთა შორის არის როგორც ადმინისტრაციული, ასევე ფინანსური გადაცდომები. თავად დირექტორი, ია კერძაია გენინსპექციის შესვლას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებდა და სამართლებრივად ბრძოლას აპირებდა. განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ კი აღნიშნა, რომ სკოლის პოლიტიკაში ჩათრევას ცდილობენ. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამინისტროს დირექტორი არ გაუთავისუფლებია და ინსპექტირების შემდეგ დასკვნა მოამზადა.
ამავე თემაზე:
ბაჩანა შენგელია: მოვითხოვ ია კერზაიას საქმეზე სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები