ზუგდიდში, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA-ის) მე-3 კონფერენცია გაიმართა, სადაც თხილის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ღონისძიებაში სოფლის მეურნეობის
და გარემოს დაცვის მინისტრმა
ლევან დავითაშვილმაც მიიღო მონაწილეობა. მან „თხილის დაცვის პროგრამაზე“ ისაუბრა, რომელსაც სამინისტრო საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად ახორციელებს. მინისტრის თქმით, სახელმწიფოსა და ასოციაციის მონაწილეობით, შემუშავებულია კომპლექსური ღონისძიებების გეგმა, რომელიც ფერმერებს საშუალებას მისცემს მავნებლების და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ დროულად და ეფექტიანად ჩაატარონ აგროსამუშაოები. ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო შეისყიდის და თხილის მწარმოებელთა ასოციაციას გადასცემს 2000 ერთეულ მაღალი ეფექტურობის შესაწამლ აპარატებს. გარდა ამისა საკონსულტაციო სამუშაოები ჩატარდება და ფერმერთა ჯგუფებს აგროკონსულტანტები მოემსახურებიან.
„ძალიან მნიშვენელოვანია თითოეული ფერმერის ორგანიზება მოვახერხოთ და ერთობლივი ძალებით ამ პრობლემას გავუმკლავდეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გავზარდოთ ფერმერების ჩართულობა. წელს 15 ათასამდე ფერმერის ჩართვას ვგეგმავთ თხილის გადარჩენის პროგრამაში. ამისთვის კი მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრებია გამოყოფილი. პროგრამის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფერმერებმა ყველა ღონისძიება ჩაატარონ იმ კონსულტანტების რჩევების შესაბამისად, რომელსაც სამინისტრო და ფერმერთა ასოციაცია მოამზადებს. ამავე დროს ყველა ფერმერს პრეპარატებზე განვადების წვდომა ჰქონდეთ. იმ პრეპარატებს და შხამქიმიკატებს, რომლითაც უნდა მოხდეს ნაკვეთების დამუშავება სახელმწიფო ფერმერთა გაერთიანებებს უფასოდ გადასცემს. დაახლოებით, ყოველ 10 ჰექტარზე ჩვენ გვექნება ერთი მაღალი ეფექტურობის შესაწამლი პრეპარატი. 2000 ასეთი აპარატის შეძენას ვგეგმავთ წლის განმავლობაში“,- აღნიშნა მინისტრმა.
პროგრამა შემდეგ ღონისძიებებს ითვალისწინებს:
აგრო კონსულტანტის მომსახურება თითოეული ფერმერთა ჯგუფისათვის, თვეში 2 ჯერ ვიზიტი/ტრენინგი, ოპტიმალური წამლობის სქემების დაგეგმვა და შეთავაზება;
მაღალი ეფექტურობის შესაწამლი აპარატებით და უსაფრთხოების საშუალებებით უზრუნველყოფა (10 ჰა - 1 მაღალეფექტური შესაწამლი აპარატი 200ლ);
შეღავათები პრეპარატებზე ასოციაციის „ფერმერთა მომსახურების ცენტრებში“;
ფინანსურ ინსტიტუტებთან შუამდგომლობა (ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები);
ნიადაგის ნაყოფიერების მართვა და ანალიზებით უზრუნველყოფა;
შეღავათები სერვისებზე ასოციაციის თხილის საშრობი და სასაწყობე ცენტრებში;
სპეციალური „ფერმერის დღიურების“ გადაცემა მოსავლის ხარისხის კონტროლი;
მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავლის რეალიზაციაში დახმარება;
ახალი ბაღების გაშენების შემთხვევაში დაგეგმარება და დარგვა თანამედროვე სტანდარტებით ფერმერის მიერ ჩასატარებელი ღონისძიებები;
გასხვლა-ფორმირება და გამოხშირვა;
სადრენაჟო არხების მოწყობა-მოწესრიგება (საჭიროების შემთხვევაში);
მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა, კომბინირებული წამლობა მაღალ ეფექტური შესაწამლი აპარატის გამოყენებით;
შეხვედრას, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) – მისიის ხელმძღვანელი პიტერ ა. ვიბლერი 400-მდე ფერმერი, პარტნიორი კომპანიის და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები