ზუგდიდის მუნიციპალურ ტრანსპორტში, შესაძლოა, სახალხო გადახდის აპარატები დადგან. ამის შესახებ რეკომენდაცია შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“
ხელმძღვანელს ბადრი ნემსაძეს საკრებულოში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მისცეს.
საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, ეს აუცილებელი რეკომენდაციაა.
„პირველ რიგში, გადახდის აპარატები უნდა იყოს მუნიციპალურ ტრანსპორტში. არამხოლოდ ახალ ავტობუსებში, არამედ ძველებშიც. ეს მაქსიმალურად ხსნის კორუფციის რისკებს“, - განმარტა წოწერიამ.
რეკომენდაციას ეთანხმება ბადრის ნემსაძეც. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამაზე „საქართველოს ბანკთან“ მუშაობდა კიდეც.
„ბანკისგან უარი იყო, რადგან მოსაგვარებელი იყო სხვადასხვა საკითხი, თუმცა, ახლა უკვე მოგვარებულია ტერიტორიის საკითხი. სალარო აპარატები საჭიროა, რადგან თანხა პირდაპირ აისახება და მგზავრები მძღოლს არ მისცემენ“, - თქვა ნემსაძემ.
რაც შეეხება ტარიფებს, მისი თქმით, მას შემდეგ, რაც 15 ავტობუსის შესყიდვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება, ყველაფრის გათვალისწინებით დადგინდება მგზავრობის ღირებულება. საკრებულოს თავმჯდომარემ კი აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, ფასი არ მოიმატებს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის მერია 15 ავტობუსის შესყიდვას აპირებს
მასალის გამოყენების პირობები