შერიგებისა და სამოქალაო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გალის ინციდენტების პრევენციისა და
მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენაზე საუბრობს. მან აღნიშნა, რომ ქართული მხარე ამისთვის სრულ მზაობას გამოთქვამს.
„თანათავმჯდომარეებმაც დააყენეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის აუცილებლობა, რადგან ის წარმოადგენს სწორედ იმ ფორმატს, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ყველა ინციდენტზე იქნეს რეაგირება. სწორედ ასეთ ფორმატში ხდება აუცილებელი ინფორმაციის გაცვლა. მათ შორის, მასალების, მტკიცებულებების თუ გამოძიებისათვის საყურადღებო ნებისმიერი დეტალისა. რა თქმა უნდა, ველოდებით რუსული მხარისაგან, იმიტომ რომ დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება რუსების მიერ უკანონოდ დაკავების პერიოდში, იზოლატორში მოხდა. დღემდე მოწოდებული ინფორმაციით, თვითმკვლელობის შედეგად. თუმცა, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ჩვენთვის ობიექტური გარემოებების დაგდგენა მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მან სენაკში, სადაც ოკუპირებულ გალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი
ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს მიუსამძიმრა.
გასული წლის ივნისიდან გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში შეხვედრები აღარ იმართება. 2018 წლის ივნისში, აფხაზურმა მხარემ მოითხოვა დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის ამოღება, რაზეც ქართულმა დელეგაციამ უარი განაცხადა, რის შემდეგაც აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა
შეხვედრა დატოვეს. ამის შემდეგ მხარეების შეხვედრა
არ გამართულა.
მასალის გამოყენების პირობები