ზუგდიდში უკვე რამდენიმე დღეა, მოსახლეობის შეტყობინებების საფუძველზე, სავარაუდოდ, ცოფიან ძაღლს ეძებენ. როგორც რადიო
„ათინათს“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა, სამარშუტო ტაქსის მძღოლმა უთხრა,
შავი ფერის ძაღლმა რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მოხუცს უკბინა.
"რკინიგზის სადგურის მიმდებარედ დარბოდა 2-3 დღის წინ, იქ უკბინა მოხუცს, ძლივს მოვაშორეთ. შავი ძაღლია, დორბლი სდიოდა, სავარაუდოდ, ცოფიანია", - ამბობს მძღოლი.
ინფორმაციას ცოფიანი ძაღლის შესახებ შესულ შეტყობინებასთან დაკავშირებით ადასტურებენ ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურში და ამბობენ, რომ ისინი ძაღლს სხვადასხვა ქუჩაზე ეძებენ.
„ჩვენი სამსახური სამი დღეა მოძრაობს და მონიტორინგსაც აწარმოებს. გუშინ, მაგალითად, მესხიას ქუჩიდან მოვიდა შეტყობინება. სხვა ბერკეტი ჩვენ არ გვაქვს. მოსახლეობა ამბობს, რომ ძაღლი ცოფიანია და რამდენიმე ადამიანს უკბინა. რა თქმა უნდა, თუ ვინმეს თავს დაესხა და ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს შეექმნა საფრთხე, უნდა მოვიგერიოთ შესაბამისად. ორშაბათიდან კი
ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაიწყებს ქალაქში მუშაობას და არ იქნება საშიშროება“, - გვითხრა ქირიამ.
ზუგდიდის საავადმყოფოში გვითხრეს, რომ ძაღლის მიერ დაკბენილი არცერთი ერთი პირი ბოლო დღეების განმავლობაში მათთან არ შეუყვანიათ.
მასალის გამოყენების პირობები