ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახმა, ახლობლებმა და სოფელ შამგონას მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია განაახლეს. მათი მოთხოვნა უცვლელია
- ისინი დგებუაძის გათავისუფლებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან და ამბობენ, რომ მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.
სიტუაცია სამხარეო პოლიციასთან რამდენჯერმე დაიძაბა, როცა აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა, მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს. დაკავებულის დედა კი შეუძლოდ გახდა და მას ექიმების დახმარება დასჭირდა.
მოგვიანებით, დგებუაძის ადვოკატი ბაჩუკი ყურაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსს ნიკოლოზ დიასამიძეს შეხვდა.
"შეხვედრაზე დიასამიძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო, რაც შეეხება დანაშაულს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და დიასამიძის თქმით, კანონის დარღვევა არავის ეპატიება. აი, ეს მითხრა. სოფელი, ოჯახი და ახლობლები საკუთარ დამოკიდებულებას ამ უკანონო გადაწყვეტილებისადმი გამოხატავენ აქციის ფორმით", - უთხრა რადიო
"ათინათს" ყურაშვილმა.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები ფეხით ზუგდიდის მთავარი მოედნისკენ მოემართებიან.
ბესიკ დგებუაძე გასული წლის ნოემბერში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მოგვიანებით, ის ძმასთან ერთად დააკავეს. ორივე მათგანს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თუმცა, პროკურატურამ გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საბოლოოდ, ბესიკ დგებუაძეს ქუთაისის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
დაკავებულების ადვოკატის ბაჩუკი ყურაშვილის თქმით, ძმებს ბრალი 120-ე და 370-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას და ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს. მისი თქმით, დგებუაძეები უკანონოდ დააკავეს და მათთვის თავისუფლების აღსაკვეთად სასამართლოს შესაბამისი საფუძველი არ ჰქონდა.
ამავე თემაზე:
დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახი აქციას ხვალ განაახლებს
მასალის გამოყენების პირობები