გალის რაიონის სკოლებში სექტემბრიდან აფხაზური ენის სწავლება დაიწყო. „გალ ტვ“ - ს ინფორმაციით, მანამდე, ეს პროცესი
აფხაზური ენის მასწავლებლების ნაკლებობის გამო ფერხდებოდა. ახლა, კი პრობლემა მეტნაკლებად მოგვარებულია. მათივე ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ გალის რაიონის სკოლებში ახალგაზრდა სპეციალისტები მიავლინა.
პირველი და მეორე ოტობაიას, ასევე ფიჩორის სკოლები, იმ სასწავლო დაწესებულებების რიცხვშია, სადაც აფხაზური ენა ისწავლება. საგნის სწავლება მეორე კლასიდან იწყება და გაკვეთილი რუსულ ენაზე მიმდინარეობს.
სოფელ პირველი ოტობაიას სკოლის სასწავლო ნაწილის გამგის ლარისა ხუფენიას თქმით, აფხაზური სახელმწიფო ენაა და გალში მცხოვრები ბავშვები მას უნდა ფლობდნენ.
ფიჩორის სკოლის აფხაზური ენის მასწავლებელმა ანრი პაპავამ აღნიშნა, რომ ის სკოლის ისტორიაში აფხაზური ენის პირველი მასწავლებელია. მისი თქმით, მთავარ პრობლემას ენის ბარიერი წარმოადგენს და ეს საკითხი მწვავედ დგას. პედაგოგი თვლის, რომ აფხაზეთში მცხოვრები ბავშვებმა აფხაზური ენა უნდა იცოდნენ.
2017 წელს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა დიმიტრი გვარამიამ განაცხადა, რომ გალის რაიონის დაბალი ზონის სკოლები თანდათან რუსულენოვან სწავლებაზე გადავლენ. ამ მიზნით, აღნიშნული სკოლის პედაგოგებმა რუსული ენის კურსებიც გაიარეს.
მასალის გამოყენების პირობები