ზუგდიდში გარევაჭრობა, რომელიც, დაახლოებით, ორი თვის წინ უნდა
აკრძალულიყო, ამ დრომდე არ შეჩერებულა. საკრებულომ მიიღო დადგენილება
გარევაჭრობის რეგულირების წესის შესახებ,
რომელიც ძალაში 1 მარტს უნდა შესულიყო.
რადიო
„ათინათს“ ზუგდიდის მერიაში უთხრეს, რომ ძალაში შესული დადგენილების ამოქმედება გარემოვაჭრეების ინტერესებიდან გამომდინარე ჭიანურდება. პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ფართის მოსაძიებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა დეტალებს ვერ აკონკრეტებენ. მერიაში არც ის იციან, ზუსტად როდის ამოქმედდება საკრებულოს გადაწყვეტილება.
„გამომდინარე იქიდან, რომ ვცდილობთ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ყველა მხარის ინტერესი, ქალაქი იყოს მოწესრიგებული და ასევე, აქ მომუშავე ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ვაჭრობის, ვმუშაობთ ამ საკითხზე და მიდის მოლაპარაკებები. ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს საკითხი მოგვარდეს მალე და ისე, რომ, შეძლებისდაგვარად, არ დაზარალდეს არცერთი მხარე. ვეძებთ ფართებს, რომლებიც, რაც შეიძლება მეტი გარემოვაჭრისთვის იქნება მისაღები“, - უთხრეს რადიო
„ათინათს“ პრესსამსახურში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული გარევაჭრობის რეგულირების წესი, რომლის თანახმადაც აღნიშნული საქმიანობა ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე იკრძალებოდა, ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე პირველ თებერვალს მიიღო.
მერიამ და საკრებულომ მოგვიანებით გამოაქვეყნა იმ
ლოკაციების სია, რომელსაც ისინი ალტერნატივის სახით გარემოვაჭრეებს სთავაზობდნენ, თუმცა, თავად მოვაჭრეები ამბობდნენ, რომ ისინი აღნიშნულ ტერიტორიებზე რამდენიმე მიზეზით ვერ იმუშავებდნენ. მათი თქმით, შერჩეული ფართებში არც კლიენტი შევა და გადასახადის ოდენობასაც ვერ გამოიმუშავებენ.
მასალის გამოყენების პირობები