ზუგდიდში ოთხი ახალი ავტობუსი, ანაკლიის, რუხის და ქალაქის ტერიტორიაზე იმოძრავებს. მერიის შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის გიგა ფარულავას თქმით, ტრანსპორტი ევროპული სტანდარტების
შესაბამისი და შშმ პირთათვის ადაპტირებულია. რაც შეეხება დანარჩენი 11 ავტობუსის ჩამოყვანას, ფარულავას განმარტებით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მისი მოწოდების ვადა ივნისამდე ჰქონდა.
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიძინა 15 ავტობუსი. მიმწოდებელს ხელშეკრულების შესაბამისად შეეძლო ეტაპობრივად მიწოდება ავტობუსების, შესაბამისად, როგორც მას ჰქონდა შესაძლებლობა ეტაპობრივად შემოიყვანს ივნისამდე“, - აღნიშნა მან.
ახალი ავტობუსები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ დაათვალიერა. მოწერელიას განცხადებით, მომავალი წლისთვის დამატებით ავტობუსების შესყიდვა იგეგმება.
„როგორც ხედავთ, პირველი ოთხი ავტობუსი ჩამოვიდა. ამდენად ჩვენს მოსახლეობას საშუალება ექნება კომფორტული ავტობუსით იმგზავროს. ავტობუსები იმოძრავებს სოფლების მიმართულებითაც. წელს იქნება თხუთმეტი ავტობუსი, თუმცა ეს რიცხვი მომავალი წლისთვის კიდევ უფრო გაიზრდება. ავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირთათვის და ამასთან არის კომფორტული“, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
ზუგდიდში ახალი ავტობუსები კომპანია „ჯი თი გრუპმა“ 2019 წლის ივნისის ბოლოსთვის უნდა ჩამოიყვანოს. სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. ხელშეკრულება კი შემსყიდველს და გამარჯვებულს შორის 27 მარტს დაიდო. შესყიდვების ელექტრონულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტენდერს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი „ჯი თი გრუპი“ ჰყავდა. მან მერიისგან ავტობუსების შესასყიდად 3 მილიონ 330 ათასი ლარი მოითხოვა. აღნიშნული თანხა ზუგდიდის მერიამ ისესხა. მისი დაფარვის ვადაა 2029 წლის 31 მარტია.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის მერია ავტობუსების შესაძენად 3,5 მილიონ ლარს ისესხებს
ზუგდიდში ახალი ავტობუსები ივნისის ბოლოს უნდა ჩამოიყვანონ
მასალის გამოყენების პირობები